„თიჯარათ ალ-რიადი“ - საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციებმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა

საუდის არაბეთის წამყვანმა ეკონომიკურმა ჟურნალმა „თიჯარათ ალ-რიად“ (Riyadh Trade) საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინტერვიუზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სტატიაში სათაურით - „საუდიტების ინვესტიციებმა საქართველოში 100 მილიონ აშშ-დოლარს გადააჭარბა და ქვეყნებს შორის ვაჭრობა 200%-ით გაიზარდა“ საუბარია საუდელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი სფეროების შესახებ; როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა.

„საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორებს, განსაკუთრებით კი საუდელ ბიზნესმენებს მისცა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქვეყნის სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. საქართველოს მთავრობამ წარმატებით შექმნა ხელსაყრელი პირობები ინვესტირებისთვის. კერძოდ, ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მიზნით გატარდა მრავალი რეფორმა და მიღებულ იქნა რიგი კანონები“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ „თიჯარათ ალ-რიადთან” ინტერვიუში, რომლის თარგმანსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის ბიზნესმენებისთვის ხელმისაწვდომია უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინტერვიუში ელჩმა ისაუბრა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პრიორიტეტულ სფეროებზე, კერძოდ ყურადღება გაამახვილა მრეწველობაზე, ვინაიდან აღნიშნულ სექტორში დაკავებულ ინვესტორებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებთან გადასახადების გარეშე, რაც თავის მხრივ, ინვესტორებისთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ დღეისთვის საუდელების ინვესტიციები საქართველოში ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და სამომავლოდ იგეგმება მსხვილი კომპანიების მოზიდვა.

საქართველოს ელჩი ჟურნალ „თიჯარათ ალ-რიად“-თან საუბრისას ტურიზმის სფეროსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს 20 ათასი საუდის არაბეთის და 6500 სამეფოში ლეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე (ექსპატრიატი) ეწვია. ელჩის განცხადებით, საქართველო გამოირჩევა სამკურნალო ტურიზმით, ვინაიდან ქვეყანაში მრავლად არის ბუნებრივი ბალნეოლოგიური კურორტები და სამკურნალო წყლები.