2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდება

უმუშევრობის დონე საქართველოში 2014 წელს 13,7%-მდე შემცირდება, - ვარაუდობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის გათვლებით, შარშან ეს მაჩვენებელი 14,32%-მდე აღწევდა, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სომხეთის (18,64%) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მესამე ადგილზე დაუსაქმებლების რაოდენობით ლიტვაა (12,12%). 10-10%-იანი უმუშევრობის დონე დაფიქსირდა ლატვიაში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში.

საქართველოსთან შედარებით, თითქმის ორჯერ დაბალია უმუშევრობის დონე უკრაინასა (7.89%) და ყირგიზეთში (7.9%); 5-6%-ის ფარგლებში მერყეობს რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

საქართველომ უცხოელი ექსპერტების ყურადღება სოციალური უთანასწორობის მაღალი მაჩვენებლებითაც მიიპყრო. როგორც შსო-ს ანგარიშში ”მსოფლიო დასაქმების ტენდენციები - 2014” არის აღნიშნული, კრიზისის გამო ხელფასების შემცირების ტენდენციაა. განსაკუთრებით კი, დსთ-ის ქვეყნებში, სადაც რეკორდულად მაღალი ჯინის ინდექსი ფიქსირდება (ჯინის ინდექსი შინამეურნეობებზე შემოსავლების განაწილების პროპორციებს ადგენს). საქართველოში, მაკედონიაში, თურქეთსა და რუსეთში ინდექსი 0,4-ს აჭარბებს.

”ანაზღაურების არახელსაყრელი ზრდა ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ღარიბ ფენებზე”, - აღნიშნულია კვლევაში.

აქვე ნათქვამია, რომ რეგიონში გენდერული თვალისაზრისით ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

”მაშინ, როცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მამაკაცთა ხელფასი ქალებისას 23%-ით აღემატება, დსთ-ის ქვეყნებში ეს სხვაობა უფრო მაღალია, საქართველოში 50%-ს აღწევს, ტაჯიკეთში კი - 65%-ს”, - აღნიშნულია კვლევაში.

ზოგადად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში პესიმისტურია. უცხოელი ექსპერტების განცხადებით, ეკონომიკის ზრდის შენელებამ შრომის მსოფლიო ბაზრებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელი შეუშალა. შესაბამისად, პლანეტაზე დღეს 202 მილიონი დაუსაქმებელი ადამიანია. უმუშევრობა იზრდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებს შორის.

”მართალია, ბევრი სექტორი მოგებაზე მუშაობს, მაგრამ ეს მოგება ფინანსურ ბაზრებზე გაედინება და რეალურ ეკონომიკაში არ იდება, შესაბამისად, გრძელვადიან დასაქმების პერსპექტივებს ხელს უშლის”, - აღნიშნულია შსო-ს ანგარიშში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წლისთვის 200 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, თუმცა, ეს რაოდენობა საკმარისი მაინც არ იქნება.

”საჭიროა, შესაბამისმა ინსტიტუტებმა სასწრაფოდ დაიწყონ ფიქრი პოლიტიკის შემუშავებაზე. სამუშაო ადგილების შექმნის დაჩქარებაზე ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს, ასევე საჭიროა საწარმოებს, რომლებიც ამ ადგილებს ქმნიან, დახმარება გაეწიოთ”, - აღნიშნა შსო-ს ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, გი რაიდერმა.