სავალუტო ფონდი საკუთარ პროგნოზებში გაიხლართა

სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა და ამით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მშპ-ს მაჩვენებლის წარამარა ცვლით სავალუტო ფონდი აშკარად სასაცილო სიტუაციაში იგდებს თავს.

ჯერ კიდევ ოქტომბერში სსფ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4%-მდე აიყვანა, რამდენიმე დღეში კი ქვეყანას ახალი ნიშნული დაუდგინა და არსებული მაჩვენებელი 2,7%-მდე დაიყვანა.

ფაქტობრივად, სავალუტო ფონდი მარჩიელობს, როდესაც საკუთარ პროგნოზს ასე წამდაუწუმ ცვლის. უცნობია, რა შეიცვალა ნოემბერში, ან რამ განაპირობა წინა თვის ოპტიმისტური მაჩვენებელი, რომლის მიმართაც ქართველი სპეციალისტები იმთავითვე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ფაქტია, რომ ეს რეალობას აცდენილი გათვლაა, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები არასწორად აისახება.

სსფ-მა 2017 წელს მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელიც შეცვალა და 4%-მდე ჩამოსწია, ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 5,2%-ისა. ინფლაცია კი მიზნობრივი 5 პროცენტის ნაცვლად, ფონდის აზრით, წელს 2 პროცენტის ფარგლებში იქნება, გაისად კი 3 პროცენტი. პროგნოზის ცვლილების მიზეზებზე სსფ-ს დასკვნაში დეტალურად არაფერია ნათქვამი.

ფონდის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს კომპლექსურ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის შიდა დანაზოგების მობილიზაციას, ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ქვეყნის ეკონომიკაში ლარის მოხმარების გაზრდას.

სავალუტო ფონდის მხრიდან საპროგნოზო მაჩვენებლების შეცვლას სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ეკონომისტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ დროა, სავალუტო ფონდს ქართულმა სახელმწიფომ კარი მიუხუროს, რასაც ეკონომისტების მეორე ნაწილი არ იზიარებს და სსფ-ს ქვეყნისთვის საჭირო ორგანიზაციად განიხილავს.

"ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზს არ ენდობა და არც ოდესმე ყოფილა ამ ორგანიზაციის მიმართ დადებითად განწყობილი, რისი საფუძველიც თავად სავალუტო ფონდის საქმიანობაა.

"სსფ ნდობას არ იმსახურებს. ამის საბაბს მაძლევს ის, რომ ორგანიზაციის ანალიტიკოსებს შეუძლიათ, ყოველთვის შეცვალონ დამოკიდებულება, როცა კი მოესურვებათ; არ აქვთ უნარი სწორად განჭვრიტონ მომავალი; არასდროს აქვთ ადეკვატური შემოთავაზება; პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ თავიანთ საქმიანობაზე მაშინაც კი, როცა რეკომენდაციებს იძლევიან და საპირისპირო შედეგს იღებენ. ჩემი აზრით, ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პასუხს არ აგებს თავის ქმედებაზე, არ უნდა გაიკარო. ეს ისეთივე რამაა, დაიქირავო ადვოკატი, რომელიც არ გემსახურებათ.

ზუსტად 16 წლის წინ ვამბობდი და ვწერდი კიდეც "რეზონანსში", რომ სავალუტო ფონდი და მსგავსი ინსტიტუტები თავიანთ ქმედებებზე პასუხს არ აგებენ. მთლიანობაში, სსფ გამოდის ბიუროკრატიული ქსელი, რომელიც პასუხს არ აგებს დანახარჯზე, თვითონ იღებს შემოსავალს და არ ცდილობს საქმე გამოსწორდეს.

საქართველოს ძალიან კარგი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული 2008 წელს, როცა სავალუტო ფონდი გაძევებული იყო ქვეყნიდან, თუმცა მოხდა აგვისტოს ომი და სსფ დარჩა ქვეყანაში", - აცხადებს შეშელიძე და დასძენს, რომ ფონდის პროგნოზი ეკონომიკური პროცესის ასახვის ნაცვლად, კონკრეტულ ამოცანებზეა მორგებული.

"ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა სავალუტო ფონდის საქმიანობა საქართველოში პოზიტიური იყო. ეს იყო, როცა ლარი შემოიღეს, მაგრამ არც მისგან და არც საქართველოს მხრიდან არ იყო შემოთავაზებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უკეთესი მოდელი, ვიდრე დღეს გვაქვს. ვფიქრობ, გაცვლითი კურსის გარანტიები რომ შემოეღოთ, დღეს სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებოდით. დამოკიდებული ვართ სტერეოტიპებზე და ჩარჩენილი ვართ წარსულში.

მახსოვს ასეთი შემთხვევაც: უნივერსიტეტში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე (რამდენიმე წლის წინ) სავალუტო ფონდის ერთ-ერთი წარმომადგენლის გვერდით აღმოვჩნდი. მან თქვა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის განსაზღვრისას ყველაფერს შეუთანხმდნენ საქართველოს მთავრობას, რამაც მაშინ ძალიან გამაოცა. რატომ უნდა შეთანხმდნენ, როცა ეკონომიკური ზრდა ანალიზის შედეგია.

სსფ-ს საქმიანობა რეალურად არის არა ეკონომიკური მოვლენის ამსახველი, არამედ კონკრეტულ ამოცანებზე მორგებული, რის წინააღმდეგიც ვარ. ჩემი აზრით, ქვეყანამ სავალუტო ფონდს კარი უნდა მიუხუროს და კეთილად დაემშვიდობოს. სამომავლოდ, თუკი ვინმე ამ ორგანიზაციიდან მოგვეწონება, ინდივიდუალურად დავიქირავოთ", - აცხადებს შეშელიძე.

საპირისპირო მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე, რომელიც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მოსაზრებას ეთანხმება, მაგრამ აქვე მიუთითებს იმ პრობლემაზე, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.

"ეკონომიკური საკითხის პოლიტიზირება, როგორც წესი, საქმეს აფუჭებს. ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ სინამდვილეს ვერ ვუსწორებთ თვალს. რეალური სტიმული ეკონომიკური ზრდისთვის საკმაოდ შესუსტდა. გარე ბაზრებზე ცუდი ტენდენციაა, ნედლეულის ექსპორტით ვართ დაკავებული და მაქსიმალურად ჩამოვეკიდეთ საერთაშორისო ფასებს. სერიოზული გარღვევა და წისნვლა არც შიდა ბაზრებზეა. ახლა უნდა მოვძებნოთ სწორი ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სტაბილური ეკონომიკის ზრდა დაიწყოს.

პატარა ქვეყანამ ეკონომიკური წინსვლისთვის უნდა ეძებოს საგარეო სტიმული, ანუ მომსახურების და საქონლის ექსპორტი უნდა გავზარდოთ. სხვათა შორის, მომსახურების ექსპორტში წლების განმავლობაში გვაქვს დადებითი სალდო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ტურიზმი, მაგრამ სხვა მხრივაც გვაქვს შესაძლებლობა და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ", - აცხადებს ღაღანიძე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი რეალობასთან უფრო ახლოსაა და გაცილებით სწორად ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, ვიდრე ეს წინა თვეში იწინასწარმეტყველა.

"როგორც იქნა, სსფ მიხვდა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე დაბალია. სავარაუდოდ, მთავრობაც შეასწორებს თავის მაჩვენებელს ან იტყვის, რომ გეგმა ვერ განახორციელა. ფაქტია, რომ ძალიან ცუდი პროგნოზია, რეალურზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, წინ ვერ მივდივართ. ასეთი ეკონომიკური ზრდით ვერ განვითარდებით და ამას უკვე მთავრობის წარმომადგენლებიც აღიარებენ.

ოქტომბერში, როცა სსფ გამოვიდა და ოპტიმისტური მაჩვენებელი შემოგვთავაზა, მაშინვე გადაჭარბებულად მივიჩნიე. ვფიქრობდი კიდეც, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად შესაცვლელი იქნებოდა მშპ-ს პროგნოზი. 9 თვის მონაცემით, ეკონომიკური ზრდა 2,6%-ია. შეიძლება მოხერხდეს, რომ ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 2,7%-ზე ავიდეს. რეალურად არანაირი ეკონომიკური ძვრის ნიშნები არ არის. ამიტომ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ დასახელებული ციფრი უკეთესობისკენ შეიცვლება", - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"