დარიალიჰესი ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში შევა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჰესი „დარიალიჰესი" ექსპლუატაციაში დეკემბრის დასაწყისში შევა.

ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურის ტესტირების სამუშაოები და ჰესი ელექტროენერგიას საქართველოს ელექტროსისტემას ტესტირების რეჟიმშიც აწვდის.

ჰიდროელექტროსადგური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდინარე თერგზე აშენდა. „დარიალიჰესის “ დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ-ია. წლიური გამომუშავება კი 510 მლნ კვტ.სთ.

ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, „დარიალიჰესის" ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონი დოლარია.

”დარიალი ჰესი არის ერთსაფეხურიანი, მდინარის დინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური. ამგვარი სტრუქტურა გამორიცხავს მდინარის ზედა ნაწილის დაგუბებას და ამცირებს მასთან ასოცირებული მშენებლობის მაშტაბებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. დარიალის ჰიდროელექტროსადგური გამოიწვევს ყოველწლიურად 250 000 ტონაზე მეტი სათბურის გაზების შემცირებას”, - ნათქვამია ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.