მსოფლიო ბანკი - ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში წელს მოკრძალებული ეკონომიკური ზრდა იქნება

2016 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მშპ-ს ზრდა მოკრძალებული იქნება.

მსოფლიო ბანკის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, დაბალი ფასები ნავთობპროდუქტებსა და სხვა საქონელზე, ინვესტიციების კლება ევროკავშირში და მიმდინარე სტრუქტურული გამოწვევები, ხელს უშლის ზრდას და განაპირობებს პოპულიზმის და პოლარიზაციის მატებას.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, 2016 წელს ევროპის ქვეყნებში 1,6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1,4% იყო. ამავე ანგარიშის თანახმად, 2017 და 2018 წლებში ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შესაბამისად, 1,5 და 1,8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება.

ზრდა შენარჩუნდება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აღნიშნულ რეგიონებში 2016 წელს მშპ-ს ზრდა 0,7 პროცენტი იქნება, 2017 წელს - 2,3 პროცენტი, 2018 წელს კი 2,6 პროცენტი.

”რეფერენდუმმა გაერთიანებულ სამეფოში და იძულებით გადასახლებულთა კრიზისმა ევროპული თანამშრომლობა გამოცდის წინაშე დააყენა. რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილი კი კვლავ ნავთობპროდუქტების დაბალ ფასთან შეგუებას ცდილობს. მთელი რეგიონის წარუმატებელი მცდელობა, რომ გამონახოს ზრდის ახალი წყაროები, ხელს უწყობს პოპულიზმის და პოლარიზაციის ზრდას, ისევე, როგორც ნდობის კლებას საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიმართ,” - განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციისას მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს ტიმერმა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დასაქმების გარანტიის არარსებობა ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. დროებითი და ნახევარგანაკვეთური სამუშაოს სწრაფი ზრდა და უნარ-ჩვევების მიმართ მოთხოვნის ცვლილება, რომელიც ახალი ციფრული ტექნოლოგიებითაა განპირობებული, ზრდის ადამიანების შეშფოთებას რეგიონში.

”მოკრძალებული ზრდა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მაჩვენებელია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ რეგიონის მოსახლეობის შეშფოთება შეამსუბუქოს. მთავრობებმა სწორედ ახლა ხელი უნდა შეუწყონ გრძელვადიან სწავლას, რაც ადამიანებს სამუშაოს პოვნასა და არსებული ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარება,” - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა რეგიონში სირილ მიულერმა.

ნანა მღებრიშვილი