20017-2020 წლებში დაგეგმილია მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციებით 14 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება

2017-2020 წლებში დაგეგმილი გვაქვს მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციებით 14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის მთავრობა გეგმავს, დააჩქაროს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

„2017-2020 წლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციები ამ მიმართულებით. ამ თანხიდან 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს კი თავისთავად, დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობა უმოკლეს ვადებში მოხდეს. რეფორმების წარმოდგენილი გეგმით, 4 წლის განმავლობაში დაიგეგმა მინიმუმ 800 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობა. მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი საშუალოდ 1000-ლარიანი ანაზღაურებით“, - განაცხადა კვირიკაშილმა.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მთვრობის სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლამდე ტურისტების რაოდენობამ 8 მილიონ ტურისტს უნდა მიაღწიოს, რაც ფაქტობრივად, გააორმაგებს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს. ზემოაღნიშნული პროექტების განსახორციელებლად მთავრობა დონორებისგან 8 მილიარდ ლარზე მეტის მოზიდვას გეგმავს.