ლევან კალანდაძე - პრემიერის ინიციატივები და პრიორიტეტები პრაქტიკულად ესადაგება რეალურ გამოწვევებს

პრემიერის მიერ დაანონსებული ღონისძიებები და პრიორიტეტები პრაქტიკულად ესადაგება რეალურ გამოწვევებს , - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა ლევან კალანდაძემ მთავრობის ლარიზაციის გეგმის შეფასებისას განაცხადა.

კალანდაძის განცხადებით, პრემიერის ინიციატივები რიგ შემთხვევებში არის არაპოპულარული და ცოტა ხისტი, მაგრამ არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და დღის წესრიგის გათვალისწინებით, ეს არის ძალიან პრაგმატული ნაბიჯი.

”სწრაფი ეკონომიკური ზრდა არის კომპლექსური პრობლემა და მის მოსაგვარებლად საჭიროა ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც სხვადასხვა კუთხით უზრუნველყოფენ ქვეყანაში პოზიტიურ შედეგს, ეკონომიკური თვალსაზრისით. იმისთვის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფილ იქნას, ორი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში გადასაწყვეტი - პირველი უკავშირდება ფინანსური სტაბილიზაციის გეგმას. ფინანსური სტაბილურობის მაღალი ხარისხის გარეშე ძალიან ძნელია სწორი ეკონომიკური პროცესების წარმართვა და მეორე სქემა დაკავშირებულია სწორ საბიუჯეტო პროცესთან, ხარჯვითი ბიუჯეტის ოპტიმიზაციასთან და რაც მთავარია, გადასახადების შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფასთან”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ლარიზაციის თემამ მნიშვნელოვნად უნდა დაალაგოს და დაამშვიდოს სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობა.

”ვფიქრობ, ამან როგორც ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, მნიშვნელოვნად უნდა შეუმციროს ის რისკები, რომელიც ლარის კურსის ცვლილებების დროს ფინანსური დანაკარგების სახით აქვთ. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა უნდა გახდეს ეკონომიკური პროცესების აღძვრის ერთ-ერთი საფუძველი. მეორე საკითხია საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული თემები. სწორი აქცენტია გაკეთებული, როცა ვსაუბრობთ ხარჯების შემცირებაზე, სასურველი იქნება, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია 2017 წლის გარდა, 2018 წელსაც გაგრძელდეს და შემდეგი თემა უკავშირდება აქციზის განაკვეთის ზრდას. აქციზის განაკვეთის ზრდა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ განაკვეთის მატება საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლებში მივიღოთ ზრდა, არამედ აქციზი არის უნიკალური გადასახადი იმ თვალსაზრისით, რომ აქციზის ზრდა პირდაპირ იწვევს იმპორტის შემცირებას. იმპორტის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი, უარყოფითი სალდო წარმოდგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას. ანუ სავალუტო ნაკადების შემცირების ტენდენციის უზრუნველყოფა საბოლოო ჯამში, ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისითაც პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება”, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ეს არის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც შეიძლება მომავალში საფუძველი გახდეს, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი პოლიტიკის.

”ვნახოთ, ვფიქრობ, გარე ფაქტორები ამ ეტაპზე დალაგებულია, რაიმე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი არ იკვეთება ჯერჯერობით და თუ მიზანმიმართული იქნება ხელისუფლება იმ პროექტების განხორციელებაში, რაც დაანონსებულია, მხედველობაში მაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები, სივრცითი მოწყობის კონცეფციის განვითარება საქართველოში, სრულიად შესაძლებელია ეს ინიციატივები საფუძველი გახდეს სტაბილიზაციის, ნორმალური მასშტაბის და ხარისხის ჩამოყალიბების ქვეყანაში და ამან ხელი შეუწყოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას”, - განმარტა კალანდაძემ.

მთავრობამ ლარიზაციის გეგმა წარმოადგინა: კერძოდ, 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებსა და ყველა ცვლადი განაკვეთის სესხებისთვის ეროვნული ბანკი აუქმებს წინასწარ დაფარვის საკომისიოს; მოსახლეობას საშუალება ექნებათ 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხები გადაალარონ არსებულ კურს - 20 პუნქტით (მაგ. 2.5 კურსის შემთხვევაში გადალარდება 2.3 კურსით); იკრძალება ახალი სესხების აღება დოლარში; ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვისას კომპანიებმა ფასი უნდა გამოაცხადონ ლარში (მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერ სხვა ვალუტით); იკრძალება ონლაინ სესხები.

ასევე მცირდება ადმინისტრაციულ ხარჯები და ბიუროკრატიულ აპარატი; 10%-ით მცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები; იზრდება აქციზი თამბაქოს ნაწარმზე (0.60 თეთრი); იზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი; 60-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე.