ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4 პროცენტია

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული.

როგოც კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გათვალისწინებულია გარკვეული სამინისტროების დაფინანსების ზრდა.

"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4 პროცენტია. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა არის 11, 5 მილიარდ ლარამდე. დაახლოებით, 1,4 მილიარდი ლარით არის გაზრდილი წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. პრიორიტეტები გამომდინარეობს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმიდან და ამ გეგმაზეა აწყობილი. 300 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 270 მილიონი ლარით მოხდება. ეს, დაახლობით 30 პროცენტიანი ზრდაა. ძირითადი პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რათა ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად გაიზარდოს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზები გვქონდეს სრულად. აქ გათვალისწინებულია სახელმწიფოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია თანხა ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის, მათ შორის მთის კურორტების განვითარება. ასევე, გარკვეული თანხებია გათვალისწინებული ქუთაისში აეროპორტის გაფართოებისთვის, ვინაიდან მგზავრთა ნაკადი მაღალია და ტერმინალი აღარ არის საკმარისი. ცხადია, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შესულია, თუმცა ჯერ უცნობია როდის მოხდება მისი კენჭისყრა.