"ახლა კურსზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დენისა და გაზის  ტარიფები გაიზრდება"

“ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 2.6150 ლარად ივაჭრება. ექსპერტებს უჭირთ იმაზე საუბარი, უნდა ველოდოთ თუ არა ამის ფონზე, დღის ბოლოს ლარისგან ახალ „რეკორდს“.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა დავით ასლანიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ახლა კურსზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დენის, გაზის და ა.შ. ტარიფები გაიზრდება, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრობლემებია: 1 წლის განმავლობაში როგორ გადაიხდის კერძო ბიზნესი 4 მილიარდ დოლარამდე არსებულ საგარეო ვალებს? კერძოდ, ამ წელს 800 მილონიდან 1 მილიარდ დოლარამდე, მომდევნო წელს კი 3 მილიარდ დოლარამდეა გადასახდელი. მეორე საკითხი - რა მოხდება ტარიფების გაზრდის შემდეგ? რადგან, გარდა აქციზის გადასახადის გაზრდისა, მოგვიწევს დენის, გაზის და ა.შ. ტარიფების აწევა, რაც მოსახლეობის ჯიბეს დაარტყამს,“- აღნიშნა ასლანიშვილმა.

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება დღევანდელი კურსით 2.5352 ლარია. რის ფონზეც, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვა 2,58-2,59 ლარადაა შესაძლებელი. ზოგიერთ კომერციულ ბანკში კი დოლარის შეძენის ფასმა 2.63 ლარს მიაღწია.