დავით ჭიჭინაძე - არა მგონია, ერთ დღეში ეკონომიკაში ისეთი რყევები მომხდარიყო, რომ ლარი ასე ძლიერ გაუფასურებულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის არჩილ მესტვირიშვილის პროგრამა ბანკების არაპროფილურ საქმიანობასთან დაკავშირებით მკაფიო არ არის.

ამის შესახებ ჭიჭინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების არჩევის საკითხი განიხილება.

„ქვეყანაში თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საკმაოდ გაუგებარია - ლარის კურსი ეცემა, გუშინდელ დღესთან შედარებით გაიზარდა 15 პუნქტით. არ ვიცი, ეს რას შეიძლება დავაბრალოთ. არა მგონია, რომ ეკონომიკაში ასეთი რყევები მომხდარიყო ერთ დღეში, რომ ჩვენი ვალუტა ასე მაგრად გაუფასურებულიყო. წლების განმავლობაში ეს ადამიანები ემსახურებოდნენ საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, განსაკუთრებით 2009 წლიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბანკების მიერ არაპროფილური საქმიანობა დაიწყო. დღეს, როდესაც ჩვენს ეკონომიკას ყველაზე მძიმედ აწევს ბანკების მიერ არაპროფილური საქმიანობა - შეზღუდულია ბიზნესი განვითარებაში, შეზღუდულია ფინანსურ რესურსებში, რადგანაც ბანკები არ არიან დაინტერესეული სხვადასხვა კომპანიებისთვის იაფი ფინანსების მიწოდებით - მთავარი რეგულატორის წარმომადგენლის პროგრამა, რომელიც გუშინ კომიტეტის სხდომაზე მოვისმინეთ, აბსოლუტურად არ იყო მკაფიო ამ მიმართებაში. კანონი მიღებული აქვს ეროვნულ ბანკს, რომლითაც იკრძალება არაპროფილური საქმიანობა ბანკებისთვის, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კანონი დღეს არ მუშაობს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამ ვითარებას პირდაპირ უნდა აკონტროლებდეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 3 ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი არიან.