ლევან ხაბეიშვილი - მთავრობა სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ზრუნვის ნაცვლად, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევაზე ზრუნავს

„ახალი საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში გაიწვიოს 10-პუნქტიანი გეგმა, წარმოადგინოს ეკონომიკური განვითარების რეალური გეგმა ან გადადგეს ქვეყნის ეკონომიკური გუნდი. წინააღმდეგ შემთხვევაში „ახალი საქართველო“ სხვადასხვა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, წინააღმდეგობის მოძრაობას და აქციების დაწყებას გეგმავს.

როგორც სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მთავრობა სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ზრუნვის ნაცვლად, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევაზე ზრუნავს.

„არანორმალურია, როდესაც მთავრობა გამოდის და ამბობს, რომ კონკრეტული ბიზნესი (ონლაინ სესხები) უნდა აიკრძალოს, თუმცა, შემდეგ შეცვალეს პირველი ჩვენება და გარკვულ რეგულაციებზე საუბრობენ, რაც ნორმალურია. როდესაც ინვესტორი უყურებს, რომ პრემიერ-მინისტრი წყვეტს, რომელი ბიზნესი უნდა იყოს და რომელი - არა, ეს საინვესტიციო გარემოზე მოქმედებს. შეიძლება ხვალ კარაქი არ მოეწონოს პრემიერ-მინისტრს და აიკრძალოს. რადიკალური ნაბიჯები არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტები ვისაც აქვს აღებული, ჩემი და თქვენი ფულით გარკვეული შეღავათები გაეწიოს. მე არც სახლი მაქვს და იმის საშუალება, რომ იპოთეკური სესხი ავიღო და მე რატომ უნდა გადავიხადო ამ ადამიანების თანხა, იქნებ ამიხსნას მთავრობამ?! ეს სოციალური აქტიც არ არის. ეს არის გაუგონარი რამ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა არც ექსპერტს არ მოსწონს, ვინაიდან იგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ლარის დასტაბილურებაზე არ არის ორიენტირებული.