"დიახ, შეიძლება დასაწყისში მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა, მაგრამ საბოლოოდ ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე"

დიახ, შეიძლება დასაწყისში ჩვენ მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა, არასწორად გადანაწილებული თანხები, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ყველაზე და ეკონომიკაზე მთლიანად , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დოლარში სესხების გალარების მიზნით ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარის გამოყოფის მიზანშეწონილობაზე საუბრისას განაცხადა.

ქუმსიშვილის შეფასებით, კითხვა იმის თაობაზე, რატომ უნდა შეეხიდოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს დოლარში სესხი, მათ, ვისაც ასეთი სესხი აქვს, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ვინც ყველაზე მეტად მოექცა დევალვაციის ტალღაში.

„შესაბამისად, დღეს ჩვენი გადაწყვეტილება და წახალისება თუ დახმარება ამ ადამიანებისადმი, რომ მათ გადაიყვანონ ნებაყოფლობით თავიანთი დოლარის სესხები ლარის სესხებში, გრძელვადიან პერიოდში აბსოლუტურად ყველასთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და, ზოგადად, ეკონომიკისთვის არის სარგებლიანი და აუცილებლად დაუბრუნდება ქვეყანას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.