საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით თხევადი აირის გადაზიდვა მცირდება

იმ ფონზე, როცა მსოფლიოში შეკუმშული აირის გადაზიდვებს მზარდი ტენდენციები გააჩნიათ, 2015 წელს შეკუმშული აირით მსოფლიო ვაჭრობა 4.7 მლნ ტონით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით თხევადი აირის გადაზიდვა მცირდება, 2013 წელს გადაზიდვამ შეადგინა 156 ათასი ტონა, 2014 წელს - 23 ათასი ტონა, 2015 წელს - საერთოდ შეწყდა."

პრაქტიკულად, საქართველოში ამ ტვირთისათვის განკუთვნილი სატერმინალო ინფრასტრუქტურა უმოქმედოა.

ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე განთავსებული თხევადი ნახშირწყალბადოვანი გაზის ტერმინალი ერთადერთი ობიექტია საქართველოში, რომელიც აზერბაიჯანული, ყაზახური და თურქმენული თხევადი გაზის შენახვის, გადატვირთვისა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. თხევადი გაზის სარეზერვუარო პარკის საერთო მოცულობა 5 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ტერმინალი აღჭურვილია 14 ვაგონ-ცისტერნაზე გათვლილი ჩასასხმელი ესტაკადით.

რა არის ამის მიზეზები, რატომ დაიკარგა დერეფნისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული - ტვირთნაკადი?

რატომ არ არის შესაძლებელი საქართველო გამოვიდეს ინიციატორად, ტრასეკას ინსტიტუციონალური მექნიზმის დახმარებით განხორციელდეს სათანადო კვლევა ამ ტვირთის დაბრუნების მიზანშეწონილობის შესახებ, - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციაში.