გიორგი ქადაგიძე - სახელმწიფომ უნდა დაანებოს თავი ილუზიას, რომ ის უკეთესად მართავს, ვიდრე კერძო სექტორი

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქზე" მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამჯერად ჯანდაცვის თემას ეხება. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ გიორგი ქადაგიძის პოსტს, სადაც ის ხელისუფლებას რამდენიმე რჩევას აძლევს.

"ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რომ ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანაა, ეს უდავოა. მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა შინაარსიდან გამომდინარე ყოველთვის რთულია, თემით სპეკულაციისა და პოპულიზმის გამო.

2014 წლიდან სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ იგი უკეთესად მართავს ჯანდაცვის ხარჯებს, ვიდრე კერძო სექტორი და მივიღეთ შემდეგი ვითარება.

ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს და საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს აქვეყნებს, კომპანია "ევექსია", რომელსაც სხვა კონკურენტებთან შედარებით გაცილებით დიდი აქვს ადმინისტრაციული დანახარჯები და მიუხედავად ამისა, მომგებიანობა (დაბეგვრამდე და ამორტიზაციამდე) 30%-ია. თუ ამ რიცხვს განვაზოგადებთ (მერწმუნეთ, ეს ძალიან კონსერვატიული მიდგომაა) გამოდის:

- 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე ფაქტიურად დახარჯული 600 მილიონი ლარიდან, 200 მილიონი რამდენიმე კლინიკის მეპატრონეთა მოგებაა. იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა სხვა პროგრამაში (დიალიზი, ნარკოლოგია და ა.შ.)

- ანუ 800 მილიონიდან, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვაზე ხარჯავს და სოციალურ ბიუჯეტს ეძახის, 240 მილიონი არის კლინიკების და პროგრამების ოპერატორების მოგება და ამას კიდევ უნდა დავუმატოთ თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯი.

- ამავე დროს არ იზრდება არც ექიმების და არც სხვა სამედიცინო პერსონალის ხელფასები და არ უმჯობესდება ზოგადი ხარისხი.

ჯანდაცვის მენეჯმენტი რთული და კომპლექსური საკითხია უამრავი პრობლემით, მაგრამ შემდეგი ორი ნაბიჯი არის ჩემი აზრით აუცილებელი.

- სახელმწიფომ უნდა დაანებოს თავი ილუზიას, რომ ის უკეთესად მართავს, ვიდრე კერძო სექტორი. პროგრამების მართვა უნდა მაქსიმალურად განკერძოვდეს და შემოვიდეს კონკურენცია ამ სფეროში

- ყველა, ვინც შემოსავლის უმეტეს ნაწილს იღებს საბიუჯეტო სახსრებიდან, ვალდებული უნდა იყოს გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური ანგარიშგება (როგორც ეს ბანკებში/დაზღვევაშია)

მყისიერი ფისკალური ეფექტი - 100 მილიონი ლარი

პ.ს. შემდეგი თემა, სასამართლო გადაწყვეტილებების გავლენა ეკონომიკაზე", - წერს გიორგი ქადაგიძე.