იენს სტოლტენბერგი - მნიშვნელოვანია, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ძალაში დარჩეს

დიპლომატია ერთადერთი ეფექტური საშუალებაა უკრაინაში კრიზისის გადასაჭრელად , - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაზე, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში ჩატარდა.

„ახლახან დავასრულეთ ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან. ჩვენი შეხვედრა ხაზს უსვამს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი. ნატო არასოდეს აღიარებს რუსეთის მხრიდან ყირიმის უკანონო ანექსიას. დღეს ჩვენ განვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები, მინსკის შეთანხმებების მნიშვნელობა და უკრაინისადმი ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, სიტუაცია სერიოზული რჩება და ადგილი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაღვევებს აღმოსავლეთ უკრაინაში. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს აკისრია ამ კონფლიქტის დასრულების პასუხისმგებლობა.

„რუსეთს ამ კონფლიქტის დასრულების მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია. დიპლომატია ერთადერთი ეფექტური საშუალებაა უკრაინაში კრიზისის გადასაჭრელად. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გააორმაგონ თავიანთი ძალისხმევა მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელებისთვის. როგორც პირველი ნაბიჯი, უნდა დავინახოთ ცეცხლის დაუყოვნებლივი და სრული შეწყვეტა. ამავდროულად, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლის განხორციელება, რათა მოსკოვმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაცია სერიოზული რჩება, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სანქციები ძალაში დარჩეს“, - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.