ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში 450 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იან ვაპავუორის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა რეგიონული ოფისი თბილისში გახსნა და ამით ხელი შეუწყო როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში დამატებითი საინვესტიციო პროექტების მოზიდვას. მან იმედი გამოთქვა, რომ ბანკის საინვესტიციო საქმიანობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმარს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა და მისი ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ მათი განხორციელება დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც საქართველოს ბიზნესგარემოს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საგადასახადო რეფორმაზე, აგრეთვე მიმოიხილა სამთავრობო გეგმები ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, ტურიზმის სექტორს, რეგიონებში ხელს შეუწყობს ბიზნეს-აქტივობებს.

შეხვედრაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა ხელმოწერაც 9 დეკემბერს იგეგმება. აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსების გამოყოფას საქართველოს საავტომობილო ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით. სამივე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 450 მლნ ევროა.