ქართული ხილის ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა

ქართული ხილის ექსპორტი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას: სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე ხილის შეტანა ჭირს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ხილი სჭარბობს. ფერმერების თქმით, ქართული ბაზარი არ არის დაცული, მათი პროდუქცია კი, არაკონკურენტუნარიანია. მათ არც ახალი ტექნიკა აქვთ, რომ პროდუქციის ხარისხი და მოსავლიანობა გაზარდონ.

„სანამ ერთიანი, კომპლექსური პროგრამა არ შემუშავდება და სოფლის მეურნეობაში სერიოზული ინვესტიციები არ ჩაიდება, არაფერი შეიცვლება - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ფრიუტილიას“ დამფუძნებელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა, რომელიც ექსპორტიორი კომპანიების პრობლემებზე გვესაუბრა.

„ხილის გატანას ვერ ვახერხებთ, რადგან ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გადაკეტილია. იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ უამინდობის გამო პროდუქციის ექსპორტი კი არა, მიმოსვლაც გაძნელებულია. ორი დღის წინ ერთი მძღოლიც კი დაიღუპა. ამის მიზეზი ერთადერთია: გზა არ იწმინდება. 21-ე საუკუნეა და თანამედროვე ტექნიკა ხომ უნდა ჰყავდეთ, რომ ამხელა გზა არ გააჩერონ? ათასამდე მანქანაა გაჩერებული ფასანაურიდან გუდაურამდე და საბაჟოზეც სულ რიგებია. ამის გამო ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში შეჩერებულია. ეს შეეხება არა მარტო ხილს, არამედ ღვინოს და „ბორჯომსაც“. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ჩვენს ეკონომიკას ურტყამს. მხოლოდ ყაზახეთში გაგვაქვს პროდუქცია, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით“, - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ექსპორტიორის თქმით, ქართულ ბაზარზე ხილის გაძვირება ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.

„სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი ნაწილი ჩვენს ბაზარზე იმპორტირებულია, მათ შორის არის ხილი, რომელიც საქართველოში უცხოეთის ქვეყნებიდან შემოდის. იმ პროდუქციის დიდი ნაწილი, რაც ახლა საქართველოში იყიდება, უცხო ქვეყნებიდან არის იმპორტირებული, ამიტომაც არის ძვირი და მომავალშიც აუცილებლად გაძვირდება. ჩვენს ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ხილის მხოლოდ 30 პროცენტი თუ იქნება ადგილობრივი, ქართული. ხოლო ვაშლს რაც შეეხება, ნახევარი ქართულია და ნახევარი - შემოტანილი. თუ ასე გაგრძელდება, ხილის ფასი მომავალში კიდევ მოიმატებს. თურქეთი, ირანი, პოლონეთი საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, საიდანაც ჩვენთან ხილი შემოდის“, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ფერმერი კახა ბიჭიკაშვილი ამბობს, რომ ხილის ექსპორტმა რიგითი ფერმერებისთვისაც აზრი დაკარგა.

„იყო დრო, როცა ქართველ ფერმერებს ტონობით ვაშლი და სხვა სახეობის ხილი გაჰქონდათ რუსეთში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ახლა კი, სადღა უნდა წაიღო ვაშლი, როცა ყველაზე ძვირი საქართველოშია? ხილის ექსპორტმა აზრი დაკარგა, რადგან რაც გზაში დიდი ხარჯი და უსიამოვნება შეგხვდება, თანაც, მოგებაც არ დაგრჩება. ამას ისევ ბითუმად ჩაბარება ჯობია: ამჟამად, ვაშლის საბითუმო ფასი 1-1,20 ლარია. მოდიან გადამყიდველები და მიაქვთ. მერე კი, იმ ფასს ადებენ, რაც ბაზარზეა და რაც თვითონ სურთ. ჩვენს ბაზარზე ხომ იმპორტირებული ხილი ჭარბობს და ფასიც ამის მიხედვით დგინდება. საქართველოში თავისუფლად შემოდის უცხოური ხილი და ბოსტნეული, არც მის ხარისხს ამოწმებს ვინმე და არც - რაოდენობას“, - ამბობს კახა ბიჭიკაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრმა ფერმერმა გააშენა ევროპული ბაღები და ძალიან კარგი მოსავალი მოიყვანა, ექსპორტზე გატანისგან ყველა თავს იკავებს.

„საერთოდ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ბაღში მოწეული ხილი უფრო მსხვილია და გემოთიც უკეთესია. მე მაგალითად, ჩემს ბაღში იტალიური, ამერიკული, იაპონური ვაშლის ჯიშები მაქვს გაშენებული, მაგრამ მოსავლის ექსპორტზე გატანა არც მიფიქრია. საბაჟოები თუ არ მოწესრიგდა, პროდუქციის შემოტანა და გატანა თუ არ შემოწმდა, სულ ასეთი სიტუაცია გვექნება. აბა, სხვა ქვეყანაში შეიტანე ქართული პროოდუქცია? - კონტროლის გარეშე არსად შეგიშვებენ. მაგალითად, მეზობელ თურქეთში ქართულ პროდუქციას უკონტროლოდ და შეუმოწმებლად არავინ შეგატანინებს, თან აზრიც არა აქვს - იქიდან აქეთ მოაქვთ ხილი, რადგან ჩვენთან შედარებით ძვირი ღირს. ჩვენი ხილი უკვე აზერბაიჯანელებსაც აღარ მიაქვთ, არადა, შარშან და წინა წლებში საკმაო რაოდენობით გაჰქონდათ. სხვათა შორის, წელს შედარებით გააქტიურდნენ სომხები, რადგან სომხეთში სეტყვა მოვიდა და მოსავალი გაანადგურა“, - აცხადებს კახა ბიჭიკაშვილი.

ფერმერი ზურაბ დავითაშვილიც მიიჩნევს, რომ ხილის ექსპორტზე გატანა არ ღირს, ადგილობრივ ბაზარზე კი, უმწვავესი კონკურენციაა.

„თავდაპირველად იმით დავიწყებ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტებით ვისარგებლეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ. ამ თანხით ძალიან ბევრმა ახალი ბაღები გააშენა. ევროპული ტექნოლოგიით გაშენებული ბაღის მოსავლიანობაც მეტია და ხარისხიც - უკეთესი. სამწუხაროდ, წელს ჩემი ბაღი დაისეტყვა. დასეტყვილ ვაშლს საზღვარგარეთ არავინ იყიდის, ამიტომ, მე ისედაც არ დავინტერესებულვარ მისი გატანით. თანაც, საბაჟოებზე ისეთი სიმკაცრეა, რომ შეიძლება შენი პროდუქტი მთლიანად გადასაყრელი გაგიხდეს. ასე გადავყარე 300 ტონამდე პომიდორი, რომელიც წინა წლებში აზერბაიჯანში კარგად გაგვქონდა, წელს კი, იქაც ანალოგიური სიტუაცია დაგვხვდა. ეს მაშინ, როცა ჩვენი ბაზარი თურქული და ირანული ხილით და ბოსტნეულით არის სავსე. რუსეთში თუ გაიტან და იქაც ტრანსპორტირების პრობლემები გხვდება“, - აღნიშნავს ზურაბ დავითაშვილი.

ფერმერის თქმით, არანაკლებ რთული სიტუაციაა ქართულ ბაზარზე.

„ჩემს მაგალითს მოვიყვან: 60 ტონა ხახვი მაქვს ბაზარზე გატანილი და ვერ ვყიდი, რადგან თბილისი და ქუთაისი უცხოურ ხილს და ბოსტნეულს მიაქვს. მარტო ხილი კი არა, ყველაფერი იმპორტირებული იყიდება, რაც ქართველ ფერმერებს გადაულახავ ბარიერს უქმნის. ჯერ ჩვენი, ადგილობრივი პროდუქცია უნდა სარგებლობდეს უპირატესობით, რადგან უცხოელებს კონკურენციას ვერ ვუწევთ. უცხოურ პროდუქციაზე რეგულაციები რომ დააწესონ, ეს ბევრ პრობლემას მოგვიხსნიდა“, - ამბობს ფერმერი.

ხათუნა ჩიგოგიძე