ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი ერთხმად დაამტკიცეს

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილა და ერთხმად დაამტკიცა. ბიუჯეტი საკრებულოს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ წარუდგინა. ქალაქის მერმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წელს ქუთაისს გაზრდილი ბიუჯეტი და შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები აქვს. მისივე განცხადებით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტია, რაც კი თვითმმართველობას დაუმტკიცებია.

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა, რომელიც წლის განმავლობაში რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გადმორიცხული თანხებით რამდენიმე მილიონით გაიზრდება. 2016 წელთან შედარებით 2017 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი ლარით გაიზარდა.