ISET - ნოემბერში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 1,9%-ით გაიზარდა

ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 1,9%-ით გაიზარდა და 3 ლარი და 46 თეთრი შეადგინა.

ISET-ის ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი 5,6%-ით შემცირდა. წლიურ მაჩვენებელში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ფასის კლებაზე დიდი გავლენა იქონია წინა წლის ნოემბერთან შედარებით ყველის ფასის 6,5%-ით შემცირებამ.

ყველის გარდა, იკლო ფქვილის ფასმაც. ISET-ის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში ფქვილის ფასი 1,7%-ით შემცირდა, წინა წელთან შედარებით კი 7%-ით.

„ნოემბერში ლარის კურსის დოლართან მიმართებაში გაუფასურების მიუხედავად, რასაც წესით საქართველოში ხორბლის ფქვილის ფასის ზრდა უნდა გამოეწვია, ვინაიდან ქვეყანა იმპორტირებულ ფქვილზეა დამოკიდებული. თუმცა, ვალუტის კურსის ცვლილება დააბალანსა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის შემცირებამ. სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ხორბლის ფასი 0,55%-ით დაეცა“, - ნათქვამია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე