ირმა ინაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილზე - გამოდის იაპონიის, მინიმუმ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი და გვეუბნება, რომ გადავედით ციფრულ ეკონომიკაზე, აყვავდა ცხოვრება

დეპუტატ ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ. როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს ხელისუფლებას არ აინტერესებს რა ვითარებაა ქვეყანაში. „სტანდარტული ვითარებაა დღევანდელ სხდომაზეც. გამოდის იაპონიის, მინიმუმ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი და გვეუბნება, რომ გადავედით ციფრულ ეკონომიკაზე, აყვავდა ცხოვრება, რეფორმები წარმატებულია. ეტყობა ფანჯარას არ აღებენ, გარეთ რომ გაიხედონ და შეხედონ, რა ვითარებაა, რა დონეა სიღატაკის. მე ვერ მოვისმინე, ვერც ჩემმა გუნდმა მოისმინა, როგორ უნდა გადაწყდეს სიღარიბის და დასაქმების პრობლემა ამ ქვეყანაში. ამაზე არავინ ლაპარაკობს. აბრახუნებენ ციფრებს. საუბარია რაღაც ოპტიმისტურ პროცენტებზე და ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი ადამიანი ახალი წლის წინა დღეებში დარჩება უსახლკაროდ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ბანკების მძევლები არიან. ამიტომ ამ ბიუჯეტს არ დავუჭერთ მხარს და არ ავიღებთ პასუხისმგებლობას ამ გაუგებარ ციფრებზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.