გიორგი კვირიკაშვილი - ხარჯების 30%-ით შემცირებაზე საუბარი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომაა

ის, რაც ჩვენ გვესმის, რომ 30 %-ით შეამცირეთ ხარჯებიო - მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ხარჯების 10%-იან ოპტიმიზაციას აკეთებს.

„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით. იცოდეს, რომ სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს და ჩვენ ვაკეთებ 10%-იან ოპტიმიზაციას. ის, რაც ჩვენ გვესმის, რომ 30%-ით შეამცირეთ ხარჯები - მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას. ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაში, რომელიც ყველაზე მეტად აისახება ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე პოზიტიურად. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომელსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ჩამონათვალი და თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, იქეთკენაა მიმართული, რომ ჩვენ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი. ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება მოხდეს, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს იმისთვის, რომ ჩვენ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი, შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი ამოხსნა იმ ამოცანის, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას.

„ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ სრული პასუხისმგებლობთ ვაცხადებ, რომ ეს პროცესი არის ერთადერი სწორი ამოხსნა იმ ამოცანის, რომელის დღეს საქართველოს წინაშე დგას “, - განაცხადა კვირიკაშვილმა.