ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,8%-ით გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,8 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2016 წლის ნოემბერში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,8 პროცენტით, ხოლო გასული წლის ნოემბერთან შედარებით 1,7 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსის 27,2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

2016 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასები 3,1 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 2,55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (8,4 პროცენტი) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე (2,2 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, სამთომოპოვებითი მრეწველობის სექციაზე ფასები 8,4 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი ინდექსის ცვლილებაში სექციამ 0,33 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

მათივე ინფორმაციით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ სექციებზე ფასების ცვლილებამ იქონია: დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები 0,9 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,80 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების (5,6 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (4,7 პროცენტი) ქვესექციებზე.

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით და შესაბამისად სექციამ მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0,61 პროცენტული პუნქტი შეიტანა.