დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს მთავრობის გადაწყვეტილებები გააცნო

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს მთავრობის გადაწყვეტილებები გააცნო. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საკანონმდებლო სიახლეებზე, რომელთა მიღებაც რეფორმების გეგმის ფარგლებშია გათვალისწინებული.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკამ იმუშაოს და უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ამავე დროს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

განსაკუთრებული ყურადღება დიმიტრი ქუმსიშვილმა გაამახვილა მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასა და მის ცალკეულ მიმართულებებზე. მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის გასატარებლად მთავრობა დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დამატებით 1-1,5 პროცენტით გაიზრდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე ისაუბრა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველოს და მის ცალკეულ რეგიონებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს. ერთ-ერთ ასეთ პროექტად მან დაასახელა ქუთაისი-აბასთუმნის 70-კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას ქუთაისიდან ამ პოპულარულ კურორტზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თეთნულდის პროექტზე, რომელსაც რეალურად შეუძლია აღნიშნულ სამთო კურორტს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის სტატუსი შესძინოს.

მთავრობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბიზნესის სახლის შექმნა, რომელიც იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით და საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს მიაწვდის ყველა საჭირო სერვისს.

„ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, რათა თქვენ ახალი სამუშაო ადგილები შექმნათ“, - მიმართა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ ბიზნესმენებს.

მან ასევე უპასუხა ყველა შეკითხვას, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ასევე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები სისტემატურად გაიმართება, რომლის დროსაც ბიზნესასოციაციას შესაძლებლობა ექნება, მისი წევრებისთვის აქტუალური საკითხები ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილოს.

გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამინისტროში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები ეკონომიკის ცალკეული სექტორების წარმომადგენლებთან.