საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2015 წელს 4,4% -ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 4,4% -ით გაიზარდა და 10832,5 მილიონი კვტ. საათი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში 40,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (გასულ წელთან შედარებით 5,6%-ით ნაკლები), 305,9 ათასი ტონა ქვანახშირი (გასულ წელთან შედარებით 2,2%-ით მეტი) და 11,4 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 10,7%-ით მეტი) მოიპოვეს.

გამოკვლევის შედეგებით, 2015 წელს საქართველოში წარმოებულია 2124,6 ათასი კუბური მეტრი შეშა (წინა წელთან შედარებით 14,2%-ით ნაკლები).

2015 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურაში უდიდესი წილი (61,9%) ელექტროენერგიის წარმოებაზე მოდის. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (26,0%), რომელიც ძირითადად შეშის სახით არის წარმოდგენილი. ხოლო დანარჩენი ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდებიან: ქვანახშირი - 8.1%; ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3.4% და ბუნებრივი გაზი - 0.6%.

რაც შეეხება ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურას, 32,7% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება ასევე ნავთობპროდუქტები (30,5%) და ელექტროენერგია (20,8%). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 9,5% -ს წარმოადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 6,5% - ქვანახშირზე მოდის.

საქსტატის ცნობით, ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელი ტრანსპორტის სექტორია, რომელზეც მთლიანი მოხმარების 35,1% მოდის. 2015 წელს მოხმარებული ენერგორესურსების 28,9% - შინამეურნეობებზე, 19,9% - მრეწველობაზე, 2,3% კი მშენებლობაზე მოდის, დარჩენილი 13,8% - კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვა დარგებზე ნაწილდება.