დავით ნარმანია - ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვარიანტით, ხარჯების 12 პროცენტით შემცირება გვაქვს გათვალისწინებული

2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვარიანტით, 12-პროცენტიანი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება გვაქვს გათვალისწინებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოში, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ქამრების შემოჭერისა“ და ადმინისტრაციული რესურსის შემცირებასთან დაკავშირებით.

მერის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა მათ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყეს.

„ჩვენი წინამორბედები უსაზღვროდ ხარჯავდნენ ფულს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ღონისძიებაზე. ძალიან მაღალ პრემიებს იღებდნენ. ჩვენ ეს 2014 წლის ბიუჯეტიდან შევამცირეთ. იგი შემცირებული იყო 2015 წელს და 2016 წელსაც. ის საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რასაკვირველია, გათვალისწინებულია ასევე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით და მის თავდაპირველ ვერსიაში ხარჯების 10-პროცენტიანი შემცირება იდო. მეტიც, ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვარიანტში ჩვენ 12-პროცენტიანი ხარჯების შემცირება გვაქვს გათვალისწინებული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მნიშვნელოვან რესურსებს ვზოგავთ და გადავიტანთ მას სხვადასხვა კეთილმოწყობის ღონისძიებაზე კაპიტალურ ხარჯებში, რათა ქალაქის კეთილმოწყობას და ეკონომიკურ ზრდას ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა ნარმანიამ.