დავით ბაქრაძე - თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი მაინც ცუდისკენ მიდის, მაშინ დავღუპულვართ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს და მმართველ გუნდს მოუწოდებს, არსებულ სიტუაციაზე „რეალურად იმსჯელონ“. შესაბამისი განცხადება ბაქრაძემ უმცირესობის სხდომაზე გააკეთა, სადაც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს უსმენენ.

"მთავრობა ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგად არის, ამ ფონზე კი ლარი უფასურდება. ამით მომავლის იმედს კლავთ. ე.ი. არაფერი გამოსწორდება. თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უარესობა ხდება. გამოსავალი იმის თქმა კი არ არის, რომ ყველაფერი კარგადაა. მოსახლეობა უარესობას გრძნობს და ეს გაიაზრეთ. თუ ყველაფერი კარგად არის და ქვეყანაში მაინც ყველაფერი ცუდისკენ მიდის, მაშინ დავღუპულვართ", - მიმართა ბაქრაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მთავრობა არაფერს ამტკიცებს და ის მონაცემებით ხელმძღვანელობს.