დავით ნარმანია - იმ შენიშვნების უმრავლესობა, რაც დღეს ჩვენ ოპონენტებისგან გვესმის, აბსოლუტურად უსაფუძვლოა

იმ შენიშვნების უმრავლესობა, რაც დღეს ჩვენ ოპონენტებისგან გვესმის, ნაცვლად არსებითი შენიშვნებისა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარაციონალური“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ნარმანიამ საკრებულოში, თბილისის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას აღნიშნა, ოპონენტების შენიშვნები ძირითადად გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებზეა აგებული.

„არავის უკვირს, რომ დღეს დედაქალაქს აქვს ძალიან ბევრი საჭიროება. ეს ყველაფერი მოიტანა სწორედ იმან, რომ წლების განმავლობაში ქალაქისთვის თითქმის არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების პირად კეთილდღეობაზე იყო თბილისისა და ქვეყნის ბიუჯეტი მორგებული, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა მიმართულებით იგრძნონ წინსვლა თბილისელებმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დღეს სწორედ დედაქალაქის საჭიროებებს პასუხობს და მომავალ წელსაც, 2014-16 წლების მსგავსად, გაგრძელდება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.