დოლარმა 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, აშშ-ის საფონდო ბირჟები კი ზრდით გაიხსნა

იენისა და ევროს ვარდნის ფონზე, დოლარი ძირითად ვალუტებთან მიმართებაში გამყარდა და 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

„როიტერის“ ინფორმაციით, იაპონური იენი დოლართან მიმართებაში 1%-ით გაუფასურდა, რისი მიზეზიც იაპონიის ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება გახდა. "როიტერის" ინფორმაციით, დოლარი იენთან მიმართებაში ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 12%-ით გამყარდა ჯამში. 

დოლართან მიმართებაში ასევე გაუფასურდა ევრო, რაზეც გავლენა იქონია თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობამ და გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე განხორციელებულმა თავდამსხმამ, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად დღეს ერთი ევროს ღირებულება 1.04 დოლარზე ქვემოთ დაეცა, რითაც თითქმის მიუახლოვდა 15 დეკემბერს დაფიქსირებულ 13-წლიან მინიმუმს.

დღესვე აშშ-ის საფონდო ბირჟამ ზრდა დააფიქსირა და Dow Jones-ის ინდექსმა თითქმის 20 000-პუნქტიან  ნიშნულს მიაღწია, რაც ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებელია.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ნიუ იორკის დროით 9:39 საათზე Dow Jones-ის ინდექსი 0,49%-ით გაიზარდა და 19 981,03 პუნქტი შეადგინა. S&P-ის ინდექსი 0,33%-ით 2269,90 პუნქტამდე გაიზარდა. NASDAQ-ის ელექტრონული ბირჟა კი 0,53%-ით გაიზარდა და 5486,32 პუნქტი შეადგინა.