2017 წლიდან საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები შევა ძალაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ მომავალი წლიდან დაგეგმილ რეგულაციებს გთავაზობთ:
აქციზის გადასახადის ზრდა
მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზი გაიზრდება. კერძოდ, მომავალი წლიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება საწვავს, აქციზის ღირებულება ბენზინის შემთხვევაში ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; საავტომობილო გაზზე კი - 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე მოიმატებს.
სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელის ზრდა
ცვლილებების ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები. კერძოდ, თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა 20 000-დან 40 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრება, მაშინ როცა მოქმედი კანონმდებლობით, 15 000-დან 30 000 ლარია. განაკვეთი იზრდება ასევე სათამაშო აპარატებზეც და თითოეულ აპარატზე მოსაკრებელი 1 500-დან 3 000 ლარის ნაცვლად 2 000-დან 4 000 ლარის ჩათვლით იქნება. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 100 000-დან 120 000 ლარის ჩათვლით იქნება, მაშინ როცა დღეს გადასახადი 30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით არის. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კი მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 1 500-დან 20 000 ლარის ჩათვლით იქნება, მაშინ როცა მოქმედი კანონმდებლობით 1 000 ლარიდან 15 000 ლარის ჩათვლით არის განსაზღვრული. თითოეულ კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში არის 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით კი მომავალი წლიდან 4 000- დან 14 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრება.
მთავრობა 10%-10%-ით შეამცირებს სახელფასო ბიუჯეტის ფონდს და ადმინისტრაციულ ხარჯებს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2017 წელს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით შემცირდება.
2017 წლის 1 იანვრიდან 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა
2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნული ვალუტით გაიცემა. 2018 წლიდან კი აღნიშნული ცვლილება 200 ათას ლარამდე სესხებსაც შეეხება.
მოგების გადასახადის რეფორმა
2017 წლის პირველი იანვრიდან რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან და მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება. პრემიერის განმარტებით, ეს კერძო სექტორს საშუალებას მისცემს, მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად ახალი ინვესტიციებისკენ მიმართონ და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნან.
2017 წლის 1 ივლისიდან ქონების გაყიდვისა და რეკლამირების ფასი მხოლოდ ლარით გამოიხატება
მომავალი წლის 1 ივლისიდან ქონების გაყიდვისა და რეკლამირების ფასის გამოქვეყნება მხოლოდ ლარით იქნება შესაძლებელი. თუმცა ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით. სურვილის შემთხვევაში კი, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით.
დოლარში აღებული იპოთეკური სესხის გალარება („ლარიზაციის“ გეგმა)
2017 წლიდან მთავრობა ერთჯერადი სოციალური აქციის ამოქმედებას გეგმავს, რომლის თანახმადაც 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემული სესხები ლარში გადავა. სესხების გალარება ცვლილებების ამოქმედების პერიოდში არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება.
საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო გახდება
2017 წლის პირველი იანვრიდან საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი შევა ძალაში. პროდუქციის ეტიკეტზე ყველა სახის ინფორმაცია უნდა ჩანდეს, რომელიც მის ვარგისიანობაზე მიუთითებს. ამჟამად ეტიკეტირება ნებაყოფლობითია, იანვრიდან კი, ყველა მწარმოებელი ვალდებული იქნება სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს.
ონლაინ სესხების რეგულირება
მთავრობამ დაანონსა, რომ 2017 წლიდან ონლაინ სესხებზე სხვადასხვა რეგულაციები ამოქმედდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, დაწესდება ზღვრული მაჩვენებელი იმ ჯარიმაზე, რაც შეიძლება მსესხებელს დაეკისროს.
ტაქსების რეგულირება
მომავალი წლის სექტემბრიდან თბილისში ტაქსებისთვის ახალი რეგულაციების განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ 2016 წლის ივლისში განაცხადა.
„მიმდინარეობს დოკუმენტაციის დამუშავება და ვფიქრობ, რომ მომავალი წლის სექტემბრიდან თბილისში შესაძლებელი იქნება ტაქსების მიმართულებით ახალი რეგულაციების განხორციელება. რეგულაციები არის მინიმალური, უმტკივნეულო, რომელთა გავლა ამ სფეროში თვითდასაქმებულ ადამიანებს ყოველგვარი დანახარჯების გარეშე შეეძლებათ. მისი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ორი მიზანი - ავტომობილისა და მძღოლის უსაფრთხოება“.