„საბიუჯეტო კუთხით დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო იმ კანონპროექტთა პაკეტი, რომლის მიზანია, ლარიზაციის რეფორმის დაწყება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა საფინანსო სექტორში.

გაგუა არ გამორიცხავს, რომ მეორე მოსმენის შემდეგ, დოკუმენტები უფრო დაიხვეწება და საბოლოო სახეს მიიღებს.

„ჩვენ გავითვალისწინეთ მნიშვნელოვანი შენიშვნები, რომელიც გამოითქვა კომიტეტების სხდომაზე, ასევე დღევანდელ პლენარულ სესიაზე. ვთვლით, რომ მეორე მოსმენის შემდეგ, დოკუმენტები უფრო დაიხვეწება და საბოლოო სახეს მიიღებს. ცვლილებათა ეს პაკეტი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, მათ შორისაა, სარეკლამო შეთავაზებისას ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვას. აღსანიშნავია, რომ ეს არ შეეხება ფიზიკური პირებს. რეგულაცია ეხება მხოლოდ მეწარმეების მიერ გაკეთებულ შეთავაზებას“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, გარდა ამისა, იზღუდება სხვადასხვა იურიდიული პირისთვის თანხის მოზიდვა 100 ათას ლარზე ნაკლები მოცულობით, თუ ასეთი მოზიდვა ხდება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტით სესხების გაცემა იზღუდება 100 ათას ლარზე ქვემოთ, ანუ 100 ათას ლარზე ქვემოთ სესხები გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ყველა აღნიშნული ღონისძიება, მათ შორის, საბიუჯეტო კუთხით დაგეგმილი რეფორმები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა და ეროვნული ვალუტა იყოს მყარი.