იაფი ფასის გამო, მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილი საკუთარ ნიშას არ კარგავს

2016 წელს, წინა წლებთან შედარებით, საქართველოში თხილის საკმაოდ დაბალი ხარისხის მოსავალი იყო, თუმცა ამის მიუხედავად თხილი მეორე უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი გახდა. „საქსტატის“ ცნობით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 167 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი და კაკალი, რაც წინა წელთან შედარებით 3 მილიონი დოლარით მეტია. თხილი საექსპორტო ათეულის ჩამონათვალში მეორე ადგილზე გავიდა და ფეროშენადნობები ჩაანაცვლა. თხილის ექსპორტმა 2016 წელსაც გაუსწრო ღვინისა და ავტომობილების ექსპორტს. ექსპორტიორთა აზრით, პროდუქციის ექსპორტი გაცილებით უფრო მასშტაბური იქნებოდა, რომ არა მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნა და დაბალი ხარისხის მოსავალი.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა, 2016 წელს საქართველოში თხილის მოსავლის რაოდენობაც დაბალი იყო და ხარისხიც.

ალექსანდერე მოწერელია:

- მე მაგალითად, 16 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი დაბალი ხარისხის ქართული თხილი არ მახსოვს. როგორ მოხდა, რომ საექსპორტო ათეულში თხილი მაინც მეორე ადგილზე გავიდა? – „საქსტატის“ მონაცემებში საუბარია 2016 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდზე. გასული წლის აგვისტომდე ექსპორტიორები 2015 წლის მოსავალს იბარებდნენ, მხოლოდ ამის მერე დაიწყო 2016 წელს მოწეული მოსავლის გაყიდვა. ამის გამო ცუდი მოსავალი საერთო სიტუაციაზე იმდენად არ ასახულა.

-რა მდგომარეობაა ამჟამად მსოფლიო ბაზარზე? არის თუ არა ქართული თხილი უცხოურთან შედარებით კონკურენტუნარიანი?

-წინა წლებთან შედარებით მსოფლიო ბაზარზე რთული სიტუაცია შეიქმნა: თურქეთში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური პრობლემებიც დაერთო, ამის გამო თხილის ფასი მსოფლიო ბაზარზე არც ისე მაღალია, როგორც 2015 წელს იყო. მიუხედავად იმისა, რომ წელს იტალიას ძალიან კარგი მოსავალი ჰქონდა, ამან თხილის ფასზე მაინც ვერ იმოქმედა: ბევრი ელოდა, რომ თხილის ფასი მოიმატებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც შეეხება ქართულ თხილს, ის ექსპორტზე დღესაც გადის, მაგრამ არა ნატურალური სახით - ექსპორტზე გადის მოხალული, ან დაქუცმაცებული და დაჭრილი თხილი, ასევე - თხილის ფქვილი, ერთი სიტყვით - გადამუშავებული თხილი. გადამუშავების შემდეგ თხილის ექსპორტი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს - ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ექსპორტის საერთო მაჩვენებლები არ შეცვლილა. კიდევ არის ერთი მიზეზი, რომლის გამოც თხილი ჩვენი ქვეყნის საექსპორტო ათეულში ლიდერობს და ეს მიზეზი ფასია: როგორც ყოველთვის, მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილი შედარებით იაფია, უფრო იაფი, ვიდრე თურქული, ან იტალიური თხილი. დღეის მდგომარეობით 1 კილოგრამი ქართული თხილის გული მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 7 დოლარი ღირს. სიიაფე ქართული თხილის კიდევ ერთი უპირატესობაა, რის გამოც ის თავის ნიშას არ კარგავს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე იაფი მსოფლიო ბაზარზე სწორედ ჩვენი თხილია და ამის გამო ის საკმაოდ გაყიდვადია.

-ბატონო ალექსანდრე, ალბათ თხილის დაქუცმაცება და გადამუშავება ექსპორტიორებს ძვირი უჯდებათ...

-რასაკვირველია, მაგრამ გაუტეხავი თხილის გამოსავლიანობა ძალიან დაბალია, ამიტომ, ექსპორტიორი იძულებულია გადაამუშაოს. ყველა, ვინც თხილის ექსპორტშია ჩართული, ზარალდება, რადგან უხარისხო საქონლიდან ხარისხიანის მიღება ძალიან რთული პროცესია, ამის გამო ექსპორტიორებს საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვთ. თანაც, თხილის გადამუშავებას უფრო მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება: თუკი შარშან 1 კილოგრამი თხილის გადამუშავებას ერთი საათი სჭირდებოდა, ახლა უკვე 2-3 საათია საჭირო, რაც ჩვენთვის დამატებითი ხარჯია. საწარმოები დიდ ზარალს ნახულობენ, რადგან გადამუშავების ხარჯები კოლოსალურად გაიზარდა, წარმადობაც დაბალია, რის გამოც ამ ბიზნესს პრაქტიკულად ახალ რელსებზე გადაწყობა მოუხდა. თუ წინა წლებში თხილი ნატურალური სახით გადიდოდა, ახლა უკვე გადამუშავებული სახით გადის ექსპორტზე. ქართულ თხილს მსოფლიო ბაზარზე სტანდარტული სახით არავინ ყიდულობს, რადგან ყველამ იცის, რომ მას ხარისხის პრობლემა აქვს.

- რა ღონისძიებები ტარდება ქართული თხილის ხარისხის გამოსასწორებლად?

- მომავალი სეზონისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სერიოზული, კომპლექსური ღონისძიებების გატარებას გეგმავს მავნებლების წინააღმდეგ. ამავე დროს, დაგეგმილი აქვთ დაავადებებთან ბრძოლა და ამ მიზნით მცენარეთა დამუშავება. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ 2017 წელი იმდენ სირთულეს აღარ მოგვიტანს და უფრო კარგად ჩაივლის. ყველაზე კარგი ის არის, რომ უკვე გლეხები და ფერმერებიც ცდილობენ ახალ სეზონს ისე მოუმზადებლები აღარ შეხვდნენ, როგორც 2016 წელს შევხვდით. თანაც, ამ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული სურსათის უვნებლობის სააგენტო, USAID და სხვა საერთაშორიოსო ორგანიზაციებიც. სამწუხაროდ, გასულ წელს ჩვენს თხილს ნაცარიც გაუჩნდა და მავნებლებიც მოერია. ამ ყველაფერს კლიმატურმა პირობებმაც ხელი შეუწყო, მით უმეტეს, რომ საჭირო ღონისძიებები გატარებული არ იყო. ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მართალია, ქართული თხილი სიიაფის ხარჯზე მაინც იყიდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს დარგში ყველაფერი რიგზეა.

ხათუნა ჩიგოგიძე