გალარების პროგრამა ინდმეწარმეებსაც შეეხებათ

საბანკო სესხების გალარების პროგრამაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კომერციულ ბანკებში დოლარში აღებული უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხების ლარში გადატანა შეეძლებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს , მათ შორის ინდმეწარმეებს. 

როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის მიერ მხოლოდ იმ პირთა (როგორც ფიზიკურ, ისე ინდმეწარმეების) სუბსიდირება (შეღავათიანი კურსით გალარება) მოხდება, რომლებსაც სასესხო დავალიანება აშშ დოლარით ჰქონდათ, როგორც 2015 წლის 1 იანვრის, ისე 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით და მიმდინარე დავალიანება ექნებათ გალარების დღესაც.

ცვლილებების თანახმად, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 ან 2016 წელს 100 ათას ლარზე მეტი იყო. ამასთან, სუბსიდია არ შეეხება, იმ მსესხებელ ფიზიკურ პირებსაც, რომელთა სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება (იმ კომერციულ ბანკში, სადაც ალარებს სესხს, ან ერთი ბანკიდან მეორეში პორტირების შემთხვევაში პორტირებამდე სესხის მომსახურე ბანკში) 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, 100 ათას დოლარს არ აღემატებოდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, გალარების პროგრამა კომერციულ ბანკებში სავარაუდოდ, 17 იანვარს დაიწყება.