კახა კალაძემ „ყაზტრანსგაზ - თბილისისა“ და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისისა“ და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში შედგა, რომელზეც ენერგეტიკის მინისტრმა დეკემბერში გაზის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მოსახლეობაში არსებულ პრეტენზიებზე „ყაზტრანსგაზ - თბილისისა“ და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლების განმარტება მოისმინა.

როგორც შეხვედრაზე „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ მმართველმა მამუკა კობახიძემ განაცხადა, ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდა ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო გაზის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, მისი თქმით, 2016 წლის დეკემბერში, მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, შესაბამისად, დეკემბერში ბუნებრივი აირის მოხმარების მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26% შეადგინა.

როგორც მამუკა კობახიძემ აღნიშნა, ნებისმიერ აბონენტს, ვისაც რაიმე პრეტენზია გააჩნია, შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ცხელ ხაზზე (2 40 40 04), ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრს და კომპანიის შესაბამისი ჯგუფები ადგილზე შეამოწმებენ მრიცხველებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა გაზის ხარისხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება და ინფორმაციის მოძიება „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი. მისივე თქმით, 2016 წლის დეკემბერში ასევე გაზრდილია მოსახლეობის მიერ გაზის მოხმარება.

რაც შეეხება იმას, ხდება თუ არა ბუნებრივ აირში ჰაერის ან სხვა რაიმე მინარევის შერევა, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ ეს გამოიწვევდა აფეთქებას.

თავის მხრივ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არავის მისცემენ მოსახლეობის მოტყუების ან დაჩაგვრის საშუალებას. მისივე თქმით, გაზის მოხმარების ზრდა გამოწვეულია 2 ფაქტორით - გაზიფიცირების სამუშაოებით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და ცივი ამინდებით, რაც საქართველოში გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.

კახა კალაძემ მიმართა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებს, რომ მოხდეს მაქსიმალური მობილიზაცია კომპანიის მხრიდან, მაქსიმალურად გაზარდონ ადგილზე გასვლითი ჯგუფები და ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში აბონენტს ადგილზე დახმარება გაუწიონ.