გლობალურ ეკონომიკას სიგარეტის მოხმარების ხარჯები 1 ტრილიონ დოლარზე მეტი უჯდება

2030 წლისთვის თამბაქოს მოწევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1/3-ით გაიზრდება

სიგარეტის მოხმარების ხარჯები გლობალურ ეკონომიკას წელიწადში 1 ტრილიონ დოლარზე მეტი უჯდება, 2030 წლისთვის კი თამბაქოს მოწევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1/3-ით გაიზრდება, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის კიბოს ეროვნული ცენტრის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ხარჯები აღემატება თამბაქოს გადასახადიდან შემოსულ გლობალურ შემოსავალს, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2013-2014 წლებში 269 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

„სიგარეტის მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა 2030 წლისთვის წელიწადში 6 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზრდება. აქედან სიკვდილიანობის 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, მწეველთა 80% სწორედ ასეთ ქვეყნებში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით მწეველთა საერთო რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

"ეკონომიკური ხარჯები იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს თამბაქოს მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემცირების ინსტრუმენტები გააჩნია, მათი ეფექტურად გამოყენება არ ხდება. მთავრობების შიში, რომ თამბაქოს კონტროლს შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს ეკონომიკაზე, არ არის გამართლებული მტკიცებულებით“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის კიბოს ეროვნული ცენტრის ერთობლივ ანგარიშში.