ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა

ქართული მატყლი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გავიდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლა სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე მოხდა. როგორც სააგენტოდან იუწყებიან, ევროკავშირში ქართული მატყლის გატანას საკანონმდებლო დაახლოებისა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებები უძღოდა წინ.

ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა დადებითად შეაფასა და მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე მატყლის ექსპორტი ნებადართულია.

„მატყლი, პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 22 ტონა დაუმუშავებელი მატყლის ექსპორტი უკვე განხორციელდა. მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად საჭიროა კომპანიებმა შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რასაც ზედამხედველობას უწევს სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამის რეკომენდაციებსაც უწევს. აღნიშნული გადაწყვტილებით, ევროკავშირმა საქართველოს დიდი ნდობა გამოუცხადა, რაც მეცხვარეობის დარგის სტიმულირებას და ქართული მატყლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას განაპირობებს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ.

ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის შეტანას, ევროკავშირის N142/2011 რეგულაცია განსაზღვრავს. აგრეთვე, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვე შესაძლებელია ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.