გიორგი კვირიკაშვილი - ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში

ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 3 ახალი საწარმოს შექმნის შესახებ ისაუბრა.

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომიანთკარში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. ინვესტიცია არის 130 000 ლარი. ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით გადაეცემა 25 ჰა მიწის ფართობი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტები ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ წამოიწყონ საკუთარი საქმე და ასევე, დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მცხოვრებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შექმნის კუთხით და რა თქმა უნდა, სახელმწიფო აგრძელებს საკუთარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეს ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ იქნება ძალიან მყარი შეგნება თითოეულ ჩვენგანსა და საქართველოს მოსახლეობაში, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში. ეს არის ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში ცხელი სადილი იმ საღამოს, ეს არის სახლში ხელდამშვენებული მისული მშობელი საღამოს და ეს კავშირი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვყიდულობთ ადგილობრივ პროდუქციას“, - განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.