"რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, შემდეგ რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე „გაზპრომის“ საკითხზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოღალატურს უწოდებს.

როგორც რომან გოცირიძემ  განაცხადა, ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას „გაზპრომთან“ დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია.

„მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის მოღალატური. აჩვენებს, რომ ხელისუფლება ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას „გაზპრომთან“ დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია. შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა. აქ იკვეთება პირადი ინტერესებიც და ამას ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება. რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, რომელიც „ყაზტრანსგაზის“ საკუთრებაშია. ამის შემდეგ კი რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.