ელენე ხოშტარია ”გაზპრომთან” ხელშეკრულებაზე - ჩვენ შევდივართ სიტუაციაში, როცა რუსეთს ჩვენზე ბერკეტი უჩნდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ელენე ხოშტარია ”გაზპრომთან” დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს უსაფრთხოების რღვევის საფრთხეს ხედავს.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი.

”ჩვენ შევდივართ სიტუაციაში, როცა რუსეთს ჩვენზე ბერკეტი უჩნდება. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ბუნებრივი აირის ფასი არეგულიროს, შეცვალოს, გააძვიროს და ეს ყველაფერი პოლიტიკურად გამოიყენოს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ”გაზპრომი” არის პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკური იარაღი პუტინის ხელში. ეს ასე იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასეა მთელ მსოფლიოში”, - განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.