დავოსში მსოფლიოს 47-ე ფორუმი გაიხსნა

შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიოს 47-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა.

"რეაგირებადი და პასუხისმგებლიანი მმართველობა" - სწორედ ეს იქნება მიმდინარე წლის დავოსის ეკონომიკური ფორუმის თემა.

ორგანიზატორთა განცხადებით, ფორუმზე მონაწილე დელეგატთა რაოდენობამ რეკორდული რიცხვი შეადგინა - დაახლოებით 3 000 მონაწილე მსოფლიოს 90 ქვეყნიდან.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე გაერო-ს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ფორუმში მონაწილე ცნობად სახეებს შორის იქნებიან მეთ დეიმონი და შაკირა.

ფორუმის ფარგლებში დაახლოებით 400 სესია გაიმართება. მთავარი მიმართულებები კი გლობალური ურთიერთობების გადახალისება, მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლება, კაპიტალიზმის რეფორმირება და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია იქნება.

განსახილველ თემებს შორის ასევე იქნება აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები და საფრანგეთსა და გერმანიაში მოახლოებული არჩევნები, უთანასწორობა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის.

ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტი სი ცზინპინი გახსნის. მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ პირველად მიიღო მონაწილეობა ფორუმში 1979 წელს.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმზე მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს, შვეიცარიელმა პროფესორმა კლაუს შვაბმა დააარსა. დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასამდე მსხვილ კომპანიასა და ორგანიზაციას აერთიანებს. მონაწილეები ყოველწლიურად იკრიბებიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების განსახილველად.