ზაზა ხუციშვილი - გვაქვს მაღალი ნდობა ხელისუფლების მიმართ იმ მძიმე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც „გაზპრომთან“ გაიმართა

გვაქვს მაღალი ნდობა ხელისუფლების მიმართ იმ მძიმე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომელიც „გაზპრომთან“ გაიმართა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა განუცხადა.

ხუციშვილის შეფასებით, „გაზპრომის“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, საკმარისი განმარტებები გაკეთდა როგორც ენერგეტიკის მინისტრის, ასევე მისი მოადგილის მხრიდან. დეპუტატი შესაძლებლად მიიჩნევს ამ თემაზე პარლამენტში მოსმენის გამართვასაც.

ხუციშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ საკითხი მთლიანად ეკონომიკურია და მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ უნდა მოხდეს.

„ეს არის რუსული გაზი, რომელიც სომხეთში გადის. ახლა საუბარია იმაზე, რა ეკონომიკურ სარგებელს იღებდა საქართველო და რას - არა, ვფიქრობ, ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორია. როგორც ცნობილია, ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს პრაქტიკა, როცა ქვეყანა გაზის გატარებაზე სარგებელს თანხის სახით იღებს. გვაქვს მაღალი ნდობა, რომ იმ მძიმე მოლაპარაკებების პროცესში, რისი მიღწევაც შეიძლებოდა, ქვეყანამ მიაღწია, - აღნიშნა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.