ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს „გაზპრომთან“ გაფორმებული ძველი და ახალი ხელშეკრულებები

ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროოს „გაზპრომთან“ გაფორმებული ძველი და ახალი ხელშეკრულებები, რადგან ჩვენც და რიგით მოქალაქეებსაც გვქონდეს საშუალება, შევადაროთ რეალურად, რა შეიცვალა პირობებში და რა შედეგი მივიღეთ ახალი ხელშეკრულებით , - ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალების გასაჯაროებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ახალი ხელშეკრულება არის გაუარესებული პირობებით, ვიდრე მანამდე იყო.

„ხელისუფლებამ არა მხოლოდ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები უნდა გაასაჯაროოს, არამედ, უნდა გვაჩვენოს კონკრეტული გათვლები, რომლითაც მათ, შეიძლება ითქვას, აშანტაჟებდა რუსეთის მხარე და უმტკიცებდა, რომ თუ ჩვენ არ დავთანხმდებოდით ამ პირობებს ისინი ბუნებრივ აირს სომხეთს მიაწვდიდნენ ირანიდან და არა საქართველოს გავლით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავდით ბუნებრივი აირის იმ მოცულობასაც და იმ საფასურსაც, რომელსაც ახლა გადაიხდიან. უნდა აგვიხსნან, რომ ეს არის რეალისტური გათვლები, სხვა შემთხვევაში შთაბეჭდილება, რომელიც რჩება, ცალსახად არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ გაუარესებული პირობები და მგონი, ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ უარყოფენ“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

იგი მიიჩნევს, რომ რა მოცულობის გზასაც საქართველო „გაზპრომისგან“ იღებს არის ძალიან მცირე და ახალი ხელშეკრულებით ქვეყანა „გაზპრომზე“ დამოკიდებული არ ხდება.

„რაც შეეხება იმას, ვხვდებით თუ არა ჩვენ „გაზპრომზე“ დამოკიდებული და დგას თუ არა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება კატასტროფის წინაშე, ჩვენ ამის არ გვჯერა იმიტომ, რომ ეს რეალობა არ დგას. ის მოცულობები, რა მოცულობებსაც ჩვენ „გაზპრომიდან“ ვიღებთ, არის ძალიან მცირე, ჩვენ „გაზპრომზე“ დამოკიდებულები არ ვხდებით და მათ შორის, რაც ამოქმედდება „შაჰდენიზი 2“ ჩვენ აზერბაიჯანიდან მივიღებთ გაზის იმდენ მოცულობას, რომ „გაზპრომი“ საერთოდ არ დაგვჭირდება. ენერგოდამოკიდებულების მხრივ არანაირი კატასტროფული მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეკონომიკურად წამგებიანი ხელშეკრულება რადგან გავაფორმეთ, ხელისუფლებამ უნდა ახსნას, რატომ გავაფორმეთ ის“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.