საპარლამენტო უმცირესობა 8 თებერვალს ”გაზპრომის” საკითხზე პოლიტიკური დებატების გამართვას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს, 8 თებერვალს მოითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განუცხადა, შესაბამისი განცხადება პარლამენტში დღეს დაარეგისტრირეს.

”მას შემდეგ, რაც პარლამენტში არ მოვიდა კახა კალაძე, პარასკევს მოვითხოვეთ პოლიტიკური დებატები ”გაზპრომის” თემასთან დაკავშირებით, რათა უმრავლესობამ გასცეს კითხვებს პასუხი, თუ რატომ მოაწერა ხელისუფლებამ ხელი ანტისახელმწიფოებრივ შეთანხმებას. 8 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს ვითხოვთ ჩატარდეს ეს დებატები. ”გაზპრომის” თემა საზოგადოებისთვის მაღალ ინტერესს ატარებს”, - განაცხადა რატიანმა.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. მიმდინარე თვეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.