გია ვოლსკი „გაზპრომის“ საკითხზე - ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ, დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადისა და ფაქტობრივად, გაზის გარეშე

ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ შევაჩეროთ ხელშეკრულება და დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადისა და ფაქტობრივად, გაზის გარეშე , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დებატების გამართვის საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.

გია ვოლკის განცხადებით, მისთვის, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

„არსებობს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სურათი მკაფიოა. ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ შევაჩეროთ ხელშეკრულება და დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადისა და ფაქტობრივად, გაზის გარეშე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის პარლამენტში მისვლას, გია ვოლსკის თქმით, აღნიშნული საკითხი რეგლამენტის მიხედვით იქნება გადაწყვეტილი.

საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს, 8 თებერვალს მოითხოვს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა, შესაბამისი განცხადება პარლამენტში დღეს დაარეგისტრირეს.