„ის, რომ აფხაზეთი ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, არის ურთიერთობის გაუგონარი ფორმა“

ენგურჰესი საქართველოს ენერგეტიკული სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია: მისი წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40 პროცენტია, დადგმული სიმძლავრე 1 300 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება - 3 მილიარდ კილოვატ/საათს აღემატება. აქედან გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უფასოდ მიაქვს აფხაზეთს, 60% კი - ჩვენს ენერგოსისტემაში რჩება. აფხაზური მხარეც არ უარყოფს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია - ისინი დღეში 8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას იყენებენ. 2007 წელთან შედარებით, აფხაზეთში მოხმარება 55%-ით არის გაზრდილი. სწორედ ამიტომ, აფხაზური მხარე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ 15 თებერვლიდან სარემონტო სამუშაოების გამო ენგურჰესი გაჩერდება და აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამას წყლის დონის შემცირებაც ემატება. აფხაზურ მედიასთან „ენგურჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განაცხადა, რომ ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 453 მეტრია, არსებობს კიდევ 35 მეტრის გამომუშავების შესაძლებლობა, რის შემდეგაც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.

ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრზიდენტს - რეზო არველაძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ აფხაზეთს ელექტროენერგია რუსეთმა უნდა მიაწოდოს.

„აფხაზურმა მხარემ პირველ რიგში მოლაპარაკება რუსეთთან უნდა აწარმოოს, რადგან უკვე წლებია, რაც ისინი თანხას არ იხდიან და გამოდის, რომ ჩვენ მათ ელექტროენერგიას უფასოდ ვაწვდით. შარშან, გაზაფხულზეც მივაწოდეთ, როცა ენგურჰესის წყალსაცავი დაცლილი იყო: საქართველომ რუსეთიდან იყიდა და ასე მიაწოდა ელექტროენერგია აფხაზურ მხარეს, მაგრამ თანხა ისევ არ გადაგვიხადეს.

ზამთარში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, მაგრამ ფულს მაინც არ იხდიან. ამ სიტუაციიდან გამოსავალი როგორმე უნდა მოძებნონ“, - აღნიშნა რეზო არველაძემ.

მისივე თქმით, ენგურჰესი უნდა გაჩერდეს, რადგან მისი რეაბილიტაცია აუცილებელია.

„სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რა მდგომარეობაა იქ, რა სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ 2018 წელს ხანგრძლივად გაჩერდეს. საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თხოვნით მიმართა, რომ გამოყოს თანხა ამ ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ახლა ალბათ 3 კვირით გაჩერდება, 2018 წელს კი - 3 თვით, საჭიროების შემთხვევაში კი, უფრო დიდი ხნითაც. ამ 3 კვირის განმავლობაში აფხაზეთმა უნდა მიიღოს ზომები, რუსეთს მოელაპარაკოს და ელექტროენერგია რუსებისგან მიიღოს.

საქმეს ართულებს ის, რომ ელექტროსადგური აფახაზეთის მხარესაა - გალის რაიონის სოფელ საბერიოში და აფხაზები ამით კარგად სარგებლობენ. თანაც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის 1998 წელს შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღო აფხაზეთს და 60% - საქართველოს. აქამდე ამ 40%-ს წლიურ ჭრილში ასრულებდნენ, ბოლო ორ წელიწადში კი, 40 პროცენტი უკვე 50% გახდა. არ ვიცი მაშინ ქართული მხარე ამ პირობას რატომ დათანხმდა, რადგან აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის მხოლოდ 20% ეკუთვნის. მათ კი, ზამთარში 100% მიაქვთ, ზაფხულში კი არ სჭირდებათ და მხოლოდ 15-20%-ს ხარჯავენ. არ ვიცი ჩვენი მთავრობა რას გადაწყვეტს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საქართველომ აფხაზეთს ელექტროენერგია არ უნდა მიაწოდოს. თორემ გამოდის, რომ ჩვენ უნდა ვიყიდოთ და უფასოდ უნდა მივაწოდოთ. დე ფაქტო რესპუბლიკაში უნდა შეეჩვიონ იმ აზრს, რომ ელექტროენერგია ფული ღირს და უნდა გადაიხადონ. რუსეთი მათ ელექტროენერგიას ისე არ მისცემს, ფული თუ არ გადაიხადეს“, - აღნიშნავს რეზო არველაძე.

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა კი ფიქრობს, რომ ამ საკითხში კომპრომისი აუცილებელია.

„ ის, რომ აფხაზეთი ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, არის ურთიერთობის გაუგონარი ფორმა, როდესაც მომხმარებელი გადახდას თავს არიდებს, ხოლო მწარმოებელი პატიოსნად აწვდის მას თავის პროდუქციას. აქ მთავარი პოლიტიკური სიტუაციაა, ამიტომ, როგორმე უნდა მივაღწიოთ, რომ აფხაზებმა თანხა გადაიხადონ და ეს თანხა ისევ ენგურჰესის განვითარებას მოვახმაროთ. რომ არ იხდიან, ეს არის მიზეზი მრავალი გადაუწყვეტელი საკითხისა. ჩვენც, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ვფრთხილობთ, რადგან არ გვსურს სიტუაცია კიდევ უფრო დავძაბოთ. ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ამ გზით წარმომიდგენია: აფხაზეთის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა მოხდეს გამრიცხველიანება. ეს ტენდერით არჩეულმა კომპანიამ უნდა გააკეთოს და პასუხი აგოს იქ მცხოვრები მოსახლეობიდან შემოსავლების ამოღებაზე. ეს უნდა მოხდეს ორი მხარის მოლაპარაკების საფუძველზე. იმედია, ენგურჰესთან დაკავშირებული ეს დილემა უახლოეს დღეებში გადაწყდება. რაც შეეხება პრეტენზიას, ელექტროენერგია უფასოდ გვეკუთვნისო, რასაც აფხაზური მხარე ხშირად უსვამს ხაზს, ეს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ენგური თავისი რესურსებით არა მარტო აფხაზურ მხარეს ემსახურება, არამედ მთელ საქართველოს“, - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის, რომ ენგურჰესზე წარმოებული ელექტროენერგია ზამთარში მთლიანად აფხაზეთში მიდის, დაუშვებელია.

„საქართველო თავისი სისტემიდან აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, სადაც უკონტროლობის გამო ძალიან დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ. ახლა ჩვენი ამოცანაა ენგურჰესი გავაჩეროთ, შევისწავლოთ და მოვემზადოთ მომავალ წელს ხანგრძლივი გაჩერებისთვის. იქ უსაფრთხოების საკითხები ბოლომდე უნდა იქნას მოწესრიგებული. ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, წესით, 5 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ტარდებოდეს მაგრამ უკვე 10 წელია ეს არ გაგვიკეთებია. რეაბილიტაცია ორივე მხარის ინტერესებში შედის და იმედს ვიტოვებ, რომ ამით აფხაზური მხარეც დაინტერესდება. ვფიქრობ, რომ ენგურჰესის გაჩერება და ამ საკითხების კომპლექსური განხილვა მალე უნდა მოხერხდეს, რომ ყველანაირი სეპარატისტული თუ სუბიექტური მიდგომა თავიდან ავიცილოთ“, - ამბობს ანზორ ჭითანავა.

ანზორ ჭითანავა მიიჩნევს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ უნდა წავიდეს კომპრომისზე: ელექტროენერგია მეზობელი სისტემებიდან - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ან სომხეთიდან უნდა შევისყიდოთ და აფხაზეთს მივაწოდოთ.

„მეც გეთანხმებით, რომ აფხაზეთის მხარემ ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს, მაგრამ ეს ამჟამად ილუზიაა: საქმე ის არის, რომ არანაირი ნორმალური სქემა, რომ იქ მოსახლეობიდან თანხა აიკრიფოს და ენგურჰესის ყულაბაში შემოვიდეს, არ არსებობს. ამიტომ იძულებული ვართ, ვიყიდოთ და მივცეთ მათ ელექტროენერგია. ეს ძალიან რთული საკითხია, რომელსაც ემოციური მიდგომა არ მოუხდება. ეს კრიზისი ღირსეულად უნდა გადავიტანოთ, მაგრამ თანხის ამოღების სქემა აფხაზეთში აუცილებლად უნდა ამოქმედდეს. ვინც არ გადაიხდის, იმას ელექტროენერგია არ მიეწოდება - ეს პრინციპი ნებისმიერმა მომხმარებელმა უნდა გაითავისოს - აფხაზეთში ცხოვრობს ის, თუ სხვა რეგიონში“, - აღნიშნა ანზორ ჭითანავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ხათუნა ჩიგოგიძე