გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი პირველი ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემსწავლელი პირველი ლაბორატორია "Quality Lab - ხარისხის ლაბორატორია" გაიხსნა.

ხარისხის ლაბორატორია ქვეყნის ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები პროდუქტის აღმოჩენასა და კვლევას აწარმოებს.

ხარისხის ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი ჭკადუამ აღნიშნა, რომ დღეიდან ლაბორატორია აკრედიტებულია და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისგან შესაბამისი 17.025 ISO სერთიფიკატი გადაეცა.

მისივე თქმით, ლაბორატორია მზად არის, დაიწყოს გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოწმება და ანალიზი როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისობრივ რეჟიმში.

ირაკლი ჭკადუას განმარტებით, ლაბორატორიაში გამოიკვლევენ ყველანაირ პროდუქციას და მათ შორის, სათესლე მასალასაც. მისი თქმით, თითო პროდუქტის კვლევას დაახლოებით 6-8 საათი სჭირდება, მომსახურების ღირებულება კი ყველა კომპანიასთან ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ხარისხის ლაბორატორია უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და სამ დეპარტამენტს აერთიანებს. ესენია ქიმიური კვლევების, მიკრობიოლოგიისა და გმო ლაბორატორიები.

ხარისხის ლაბორატორია თბილისში, წერეთლის 95 ა-ში, მძლეოსნობის სასახლეში განთავსდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, შალვა ამირეჯიბმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში პარლამენტში განსახილველად გავა კანონპროექტი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული კანონით რეგულირდება ქვეყნის ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიმოქცევის საკითხი, ქვეყანაში მათი შემოსვლა, გარემოში გასვლა.

"ასეთი ლაბორატორიის არსებობა, რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა კანონის ადმინისტრირებისთვის, რადგან სახელმწიფოს ასეთი ორგანიზმების იდენტიფიცირებისა და კონტროლის საშუალება უნდა გააჩნდეს", - აღნიშნა შალვა ამირეჯიბმა.

ხარიხის ლაბორატორია ამიერკავკასიაში ერთადერთი აკრედიტირებული ლაბორატორიაა, რის გამოც, დაინტერესების შემთხვევაში, ლაბორატორია მზადაა ნებისმიერი სახის პატნიორობისთვის.

საქართველომ 2013 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, 2014 წლიდან კი შესაძლებელი გახდება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქციის ხარისხისა და შემადგენლობის კონტროლი. ხარისხის ლაბორატორია მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც.

ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი ცაგარეიშვილი და გოგი თოფაძე დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.