2016 წლის "დემოკრატიის ინდექსში" საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის კვლევითმა და საკონსულტაციო კომპანია The Economist Intelligence Unit-მა ყოველწლიური კვლევა „დემოკრატიის ინდექსი 2016“ გამოაქვეყნა.

ინდექსში მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.

„დემოკრატიის ინდექსი 2016“-ში საქართველო 5.93 ქულით 78-ე პოზიციაზეა.

ინდექსის შედგენისას ავტორები ოთხ კატეგორიაში ყოფენ ქვეყნებს - სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი.

ინდექსი ქვეყანის შიგნით დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს და კონკრეტული ქვეყნიდან საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებსა და ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა. ინდექსში 60 ძირითადი მაჩვენებლით არის შედგენილი, რომელიც ხუთ კატეგორიაშია თავმოყრილი - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის მუშაობა, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.

საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კატეგორიაში საქართველოს ქულა 8.67-ით განისაზღვრა, მთავრობის მუშაობა - 4.29, პოლიტიკური მონაწილეობა - 6.11, პოლიტიკური კულტურა - 5.00 და სამოქალაქო თავისუფლება - 5.59 ქულა.

ინდექსის თანახმად, საქართველო რეგიონში მე-14 პოზიციაზეა.

როგორც ინდექსშია აღნიშნული, საქართველო, მოლდოვასთან, უკრაინასთან და ყირგიზეთთან ერთად მეტწილად „ჰიბრიდული რეჟიმის“ მქონე ქვეყანაა.

გასული წლის ინდექსში, საქართველო 5.88 ქულით 82-ე პოზიციაზე იყო ასევე ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის.

ამ კატეგორიის პირველ ხუთეულში საქართველოს გარდა არიან ზამბია, ჰონდურასი, გვატემალა და ალბანეთი.

სრული დემოკრატიის მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია. არასრული დემოკრატიის - იაპონია, აშშ, იტალია, კაბო ვერდე და საფრანგეთი, ხოლო ავტორიტარული რეჟიმის პირველ ხუთელში მავრიტანია, იორდანია, ნიგერია, სომხეთი და ქუვეითი. ამავე კატეგორიაში მოხვდა რუსეთი, ბელორუსი და აზერბაიჯანი.

bpn