დავით ასლანიშვილი - რატომ არის კომერციულ ბანკებში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტი ასე მაღალი?

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც რეფინანსირების აუქციონზე ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების მოთხოვნის სრულად არ დაკმაყოფილებას ეხება.

"ბიზნესპრენიუსი" უცვლელად გთავაზობთ დავით ასლანიშვილის პოსტს.

"ეს არის ინფორმაცია 20 იანვარს გამართული რეფინანსირების აუქციონის შესახებ. უპირველესად მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია არ არის კონფიდენციალური და არ წარმოადგენს ექსკლუზივს არც ეროვნული ბანკისთვის და არც კომერციული ბანკებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი ცენტრალური ბანკის ინფორმაციებზე წვდომის საჯარო უფლება აქვს ბლუმბერგის ტერმინალის ნებისმიერ მომხმარებელს, მათ შორის უნივერსიტეტშიც და ჩემს საინვესტიციო ჯგუფშიც.

აღნიშნული სურათიდან ირკვევა, რომ 20 იანვარს კომერციული ბანკების მოთხოვნამ რეფინანსირების აუქციონზე შეადგინა 2 მლრდ ლარზე მეტი (1.393 მლრდ – ერთკვირიანზე, 647 მლნ – ერთთვიანზე), თუმცა ეროვნულმა ბანკმა სრულად არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა და გასცა მხოლოდ 1.65 მლრდ მოცულობის რეფ. სესხი – ალბათ, მეტის გაცემა ეროვნულმა ბანკმა უკვე კრიტიკულად შეაფასა და არც არავის შეაქვს ეჭვი იმაში, რომ პასუხისმგებელი პირები ამ კრიტიკულ ზღვარს სწორად გამოთვლიდნენ.

ჩემი ერთადერთი შეკითხვა, რომელზეც პასუხის მისაღებად მთელი კვირის განმავლობაში ყრუ კედელს დავეჯახე, და ამის ნაცვლად ეროვნული ბანკის წარმომადგენლები თეორიულ ლექციებს გვიკითხავენ და მაღალფარდოვან ფრაზებს თავზე გვაფრქვევენ, მდგომარეობს შემდეგში: რატომ არის კომერციულ ბანკებში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტი ასე მაღალი – ე.ი. 2 მლრდ ლარზე მეტი, რაც მ2–ის 30% ფარგლებშია. პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ.

რაში სჭირდებათ 2 მლრდ მოცულობის ოვერდრაფტ–სესხი კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან? რატომ არ დააკმაყოფილა ეროვნულმა ბანკმა სრულად მოთხოვნა, თუ მართლაც კარგი ცხოვრებით უჩნდებათ მასზე მოთხოვნა კომერციულ ბანკებს და თან ზედ პროცენტს იხდიან ? გაცემული 1.65 მლრდ რა რესურსით გაიცა, როდესაც კომერციულ. ბანკებს სადეპოზიტო სერტიფიკატების ფორმით ეროვნულ ბანკში 300 მლნ–ზე მეტი არ აქვთ განთავსებული?..

ბანკების ასოციაცია რატომ დუმს, თუ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ თქვენი ბანკები რას საქმიანობენ? რატომ არ ინტერესდებით, კონკრეტულად რომელი კომერციული ბანკებისგან იყო ზომაზე მეტად ჭარბი მოთხოვნა რეფინანსირების სესხებზე და რაში დასჭირდათ?..

მსურს აგრეთვე აღვნიშნო, რომ ამ სურათზე არსებულ სრულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი გიორგი ქადაგიძის დროს ყოველკვირეულად აქვეყნებდა ტექსტობრივად საიტზე, დღეს კი ექსელის ფაილებში და თან არასრულად უნდა ეძებოს საიტის ვიზიტორმა.

მცირე ზომით რეფინანსირების სესხი მისაღებია, მაგრამ დიდი ზომით არის ცუდი", - წერს დავით ასლანიშვილი.

bpn