სასაკლაოების, ბაზრების, საშაურმეებისა და სკოლების  ბუფეტების  მასშტაბური შემოწმება იგეგმება

უახლოესი 3 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სკოლების 500-მდე კვების ბლოკის (ბუფეტის) შემოწმება იგეგმება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ, სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა კონტროლი, ინსპექტირების რაოდენობა სამჯერ, ხოლო საჯარიმო სანქციების მოცულობა შვიდჯერ მეტია, ვიდრე წინა სამი წლის განმავლობაში.

მინისტრის ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ქვეყნის მასშტაბით, ოთხჯერ იზრდება ინსპექტორების რაოდენობა.

სამინისტროს ინფორმაციით, უახლოესი 3 თვის განმავლობაში დაგეგმილია, შემოწმდეს სკოლების 500-მდე კვების ბლოკი (ბუფეტი), 80 სასაკლაო, 16 აგრარული ბაზარი, 20 საზოგადოებრივი კვების ობიექტი (მათ შორის საშაურმეები), რძის გადამამუშავებელი 40 კომპანია, ასევე ხორცისა და ხორცპროდუქტების სარეალიზაციო 16 ობიექტი.