„საქსტატი“ - მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 2016 წლის წინასწარი შეფასებით, 2,2 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს. როგორც  „საქსტატიდან“ იუწყებიან, წინასწარი შეფასებით , წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,3 პროცენტი, ხოლო 2016 წლის IV კვარტალში 1,2 პროცენტი შეადგინა.

„მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 2016 წლის წინასწარი შეფასებით, 2,2 პროცენტი შეადგინა. 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, - აღნიშნულია საქსტატის განცხადებაში.