იანვარში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 3.9% შეადგინა

2017 წლის იანვარში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 3.9% შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 22,5 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფმა 1,27 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4 პროცენტი), ხილისა და ყურძნის (8,9 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1 პროცენტი), ზეთისა და ცხიმის (3,1 პროცენტი), თევზეულის (2,8 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,94 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16,0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,9 პროცენტით და შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (40,2 პროცენტი);

მოცემულ პერიოდში ფასების 3,3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 0,99 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე - შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,0 პროცენტი).